გიორგი შერმადინის მორიგი შანსი, გახდეს ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელი. მორიგი ტურის მატჩში მისმა “ტენერიფემ” სტუმრად “უნიკახა” 97:64 გაანადგურა და ქართველი ცენტრი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
რაც შეეხება მთლიანად 29-ე ტურის MVP-ის ტიტულს, მისი მიღება შერმადინისთვის ფორმალობაა და მას ლიგა ენდესასგან ოფიციალური დადასტურება სჭირდება. ტურის არც ერთ სხვა მატჩში შერმადინის დარი სარგებლიანობის კოეფიციენტი არავის დაუფიქსირებია, რაც იმას ნიშნავს, რომ “შერმინატორი” ზედიზედ მეოთხედ გახდება ტურის საუკეთესო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის გასული, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელია და აპრილის თვეშიც უდიდესი ალბათობით მოიგებს ამ პრიზს.
მიუხედავად დიდი სხვაობისა, ტენერიფელთათვის სტუმრად გამარჯვება იოლად არ მოსულა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო პერიოდი, რომელშიც ტენერიფელებმა 27:7 დაამარცხეს შერმადინის ყოფილი კლუბი და ჩემპიონატში მე-19 გამარჯვებას უწიეს. ქართველმა ცენტრმა ისევ ფანტასტიკური შედეგიანობა გამოავლინა. წინა ტური მან 23 წუთში 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი 21 წუთში თავი 19 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა. მისი გამჩერებელი არავინ მოიძებნა – 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო. ჩაროზად შერმადინს თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა. სარგებლიანობის ინდექსით (30) შერმადინს ვერავინ მიეკარა. “უნიკახაში” ამ მხრივ საუკეთესო იყო კამერონ ოლივერი, ხოლო “ტენერიფეში” ქართველის შემდეგ 18 მქკ-თი (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მარსელინიო უერტასი (18) მოდის.
19 მოგებითა და 6 მარცხით “ტენერიფემ” ცხრილის მე-3 საფეხურს უწია და მის წინ მხოლოდ ესპანური გრანდები – ბარსელონა და რეალია. შემდეგ ტურში ტენერიფე სწორედ ბარსას ეთამაშება. შეხვედრა 24 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.