ესპანური ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი შერმადინი ტიტულისკენ წარმატებით მიიწევს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისმა გუნდმა კი იოლად იმარჯვა.
შერმადინის “ტენერიფე” სტუმრად ობრადორიოს დაუპირისპირდა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ 97:71 გაანადგურა. ქართველმა ცენტრმა 19:54 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 25 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP სწორედ ქართველი კალათბურთელი გახდა.
შერმადინის მხარდამხარ კარგად ითამაშა მარსელინიო უერტასმაც, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ის ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით (22) შერმადინის შედეგს ვერ გადააჭარბა.
18 მოგებით და 5 წაგებით ტენერიფე სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 13 მარტს, თად მაკფადენის ბურგოსთან სტუმრად გამართავს.