გიორგი შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა მისი გუნდი, “ლენოვო ტენერიფე” წინა მატჩის მსგავსად ისევ დამარცხდა. 32-ე ტურის მატჩში ტენერიფელები ბილბაოში ადგილობრივ “სურნეს” შეხვდნენ და 79:87 დამარცხდნენ.
თამაში დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს (22:21), დიდ შესვენებამდე კი ეს სხვაობა შენარჩუნდა – 44:43. ტენერიფემ ანგარიშში წინ გასვლა მესამე მეოთხედში კი მოახერხა (63:61), მაგრამ დასკვნით პერიოდში ბილბაომ, მისი დომინიკელი ცენტრის ანხელ დელგადოს შედეგიანი თამაშის წყალობით (27 ქულა, 11 მოხსნა), მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა. ქართველმა ცენტრმა თამაში ტენერიფეს სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 20:25 წუთში კი 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 5-ივე ორქულიანი ჩააგდო, მისი 12 საჯარიმოდან ზუსტი კი 10 აღმოჩნდა. გიორგის, რომლის ანგარიშზე 3 ჯარიმა და 1 დაკარგვაა, მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 ჰქონდა – ორივე გუნდში მეორე მაჩვენებელი დელგადოს (44) შემდეგ.
ლენოვო ტენერიფეს 19 მოგება და 12 მარცხი აქვს და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი ACB ლიგაში მორიგ შეხვედრას 30 აპრილს, საკუთარ მოედანზე მანრესასთან გამართავს.