შერმადინის 24 ქულა 23 წუთში და XIX ტურის დამსახურებული MVP-ის ტიტული

შერმადინის 24 ქულა 23 წუთში და XIX ტურის დამსახურებული MVP-ის ტიტული

ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ ისევ გიორგი შერმადინი დაასახელეს. ეს საპატიო ჯილდო “ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოიგო. შუა კვირაში ტური იშვიათად იმართება, თუმცა ეს გახლდათ მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა, რომელიც თებერვლის თვეში უნდა გამართულიყო და კიდევ 3 მატჩთან ერთად მიზეზთა გამო გადაიდო. 

ჰოდა, გადადებულ შეხვედრაში, რომელიც “ტენერიფემ” “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ ჩაატარა, გიორგი შერმადინმა მე-19 ტურის მატჩებში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის MVP-ის ტიტულთან ერთად მთლიანად ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მოიგო.

ტენერიფელებს არ გასჭირვებიათ “ფუენლაბრადას” დამარცხება – 87:74. შერმადინმა ბრწყინვალედ ითამაშა და 23:39 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ის სამწამიან ზონაში შეუჩერებელი იყო და 11 საჯარიმო სროლა ამის ნათელი დასტურია. შერმადინთან ერთად თავი ფინელმა საშუ სალინმა გამოიჩინა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.