გიორგი შერმადინის წინამძღოლობით ლენოვო ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ ვეფ რიგას უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. შერმადინმა ჩვეული და ბევრისთვის საოცნებო შედეგიანობა გამოავლინა: 23 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. რიგელები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა და ამ შედეგთან ყველაზე ახლოს 22 ერთეულის მიმთვლელი ვეფ-ის მოთამაშე, აიზია პინეირო მივიდა. ტენერიფელთაგან გიორგის კვალზე 14 ქულით სასუ სალინი გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდი 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზეა, თუმცა დაკარგული ქულებით ლიდერი თად მაკფადენის “ბურგოსია”, რომელსაც 2-დან 2 მოგება აქვს. ტენერიფელები მორიგ საჩემპიონთალიგო შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ. შემდეგ ეტაპზე, ანუ 8-თა ფინალში 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გადის.