შერმადინის 28 ქულა და მისი ტენერიფეს ბოლო წამზე წაგებული მატჩი

შერმადინის 28 ქულა და მისი ტენერიფეს ბოლო წამზე წაგებული მატჩი

გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ. ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის ჭეშმარიტად საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ისეც ხდება, როცა მოთამაშეს ყველაფერი გამოსდის, მაგრამ მისი გუნდი მაინც აგებს. ასე მოხდა ლიგა ენდესას გასულ ტურში, დღეს, სან სებასტიანში გამართულ მატჩში, რომელშიც აუტსაიდერმა “აკუნსა გიპუზკოა ბასკეტმა” ბოლო წამზე, საოცარი სამქულიანით “ტენერიფე იბეროსტარი” 89:87 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, უფრო სწორად, ჩატენა, საკუთარი მონაგარი 28 ქულამდე გაზარდა და ტენერიფელები 87:86 დააწინაურა. ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ მასპინძლებმა სასწაულებრივი თამაში მოიგეს. წუთშესვენება აიღეს, ბურთის შემოტანა, სამქულიანის სროლა და ჩაგდება მოახერხეს. ეს მაიკ კარლსონმა შეძლო, რომელსაც მანამდე მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა მოპოვებული და ოქროს სამქულიანის ჩაგდებით მატჩის გმირად იქცა.

შერმადინმა უბადლო მიზანი გამოავლინა და თამაშიდან 15-დან 13 სროლა ჩააგდო, რასაც 3-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და 28 ქულა დააგროვა. ქართველ ცენტრს ასევე 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 33 შეადგინა, რაც ამ მატჩში ხომ საუკეთესო შედეგია და მე-19 ტურში აქამდე ჩატარებულ მატჩებშიც არ ჰყავს სწორი.

ამ წაგებამ ტენერიფე ცხრილში მე-3 ადგილამდე დააქვეითა. შერმადინის გუნდს 14 მოგება და 4 მარცხი აქვს და რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ტენერიფე 16 იანვარს, სტუმრად ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიასთან” გამართავს. ბურჯანაძეს ფეხი აწუხებს და ბოლო 2 მატჩია, მოედანზე არ გამოჩენილა.