შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება კანარულ დერბიში

შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება კანარულ დერბიში

გიორგი შერმადინის ლაგგუნა ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის გარია. ლიგა ენდესას მორიგ, მე-5 ტურში კანარულ დერბიში ტენერიფელებმა გრან კანარიას უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 84:74 დაამარცხეს.

მასპინძლებმა 8-ქულიანი უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი გამოდგა, რადგან დარჩენილ დროში ტენერიფემ მეტოქეს მნიშვნელოვნად მიახლოების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა.

შერმადინმა 16 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანიც ისროლა, მაგრამ არაზუსტად.

გრან კანარიაში ითამაშა ჯო ტომასონმა, საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელმაც 15 წუთში 9 ქულა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტენერიფეს ბრაზილიელი ლიდერი მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 19 ქულა და 10 პასი შესძინა თავის გუნდს.

ტენერიფე 3 მოგებით და 1 წაგებით მეხუთე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, ვალენსიას სტუმრად შეხვდება. გრან კანარია 3 გამარჯვებით და 2 მარცხით მეშვიდეა, ხოლო შემდეგ შეხვედრას 3 ნოემბერს, ბასკონიასთან ჩაატარებს.