შერმადინის პირველი MVP-ის ტიტული ახალ სეზონში და ტენერიფეს მეორე გამარჯვება

შერმადინის პირველი MVP-ის ტიტული ახალ სეზონში და ტენერიფეს მეორე გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონის MVP გიორგი შერმადინი ტიტულის დაცვას იწყებს. “ლენოვო ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა წინა ტურის მსგავსად 19 ქულა ჩააგდო, თუმცა ამჯერად მისი შედეგი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შერმადინი იმ მატჩის MVP გახდა, რომელშიც ტენერიფელებმა “სურნე” 89:79 დაამარცხეს.

კანარელთა მეტოქის სახელმა არ დაგაბნიოთ. იგი გახლდათ დიდი ისტორიის მქონე კლუბი “ბილბაო”, რომელმაც ახალი სპონსორი იშოვა და ახალი სეზონიდან მისი სახელით (სურნე) ასპარეზობს. პირველი პერიოდი ბილბაოელებმა 8 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობას კანარიელები დაეუფლნენ და გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგა, რომელიც სწორედ 8 ქულით მოიგეს (21:13) და საბოლოო გამარჯვება იზეიმეს – სეზონში მეორე.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც არასრულ 23 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი (78%) და 6-დან 5 საჯარიმო (83%) ჩააგდო. ამგვარად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდის კალათბურთელთა შორის საუკეთესო შედეგი იყო და გიორგიმ MVP-ის წოდება დაიმსახურა.

3 ტურის შემდეგ, ლენოვო ტენერიფეს ლიგაში 2 მოგებითა და 1 წაგებით მე-6 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, სტუმრად მადრიდის რეალთან გამართავს.