შერმადინის საპლეიოფო რეკორდი, MVP-ის ტიტული და გამარჯვება პაუ გასოლის ბარსელონასთან

შერმადინის საპლეიოფო რეკორდი, MVP-ის ტიტული და გამარჯვება პაუ გასოლის ბარსელონასთან

გიორგი შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” ნავსი გატეხეს. მიმდინარე სეზონში მათ პირველად დაამარცხეს კატალონიური “ბარსელონა” და ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში, რომლის შემდეგ საერთო ანგარიში 1:1 გახდა და საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

ტენერიფემ კატალონიური გრანდი 80:68 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი ძალიან სარგებლიანი იყო და 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ჰქონდა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. აკურატული შედეგიანობის გამო მან სარგებლიანობის 37 მაჩვენებელს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ესპანური ლიგის ოფიციალურმა საიტმა ცალკე სტატია (და ვიდეო) მიუძღვნა შერმადინის 37 სარგებლიანობას – ეს ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში საუკეთესო მაჩვენებელია. მანამდე 35-ქულიანი სარგებლიანობა 1987 წელს „გრანადას“ კალათბურთელს ედი ფილიპსს ჰქონდა.

შერმადინს ძირითადად ნბა-ს ყოფილი სუპერვარსკვლავ პაუ გასოლის წინააღმდეგ უწევდა თამაში და მისი ასეთი შედეგიანობა ამიტომაცაა დასაფასებელი და გასახარი. გასოლი ის არაა, რაც თუნდაც 5 წლის წინ, თუმცა ის ლეგენდარული მოთამაშეა და ბარსელონამაც ტიტულების მოსაგებად დაიმატა. გასოლმა არასრულ 16 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძელმა ტენერიფელებმა 22:13 მოიგეს და გამარჯვებას მიაღწიეს. სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებულიც ესპანეთის ლიგის ფინალში გავა, 11 ივნისს, ბარსელონაში, თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე გაიმართება.