შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. სერიის საშინაო გამარჯვებით გახსნისშემდეგ, ტენერიფელებმა მეტოქე ბურგოსი სტუმრადაც დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. 3 ივნისს გამართული შეხვედრა შერმადინის გუნდმა დამაჯერებლად – 92:68 მოიგო.

ბურგოსის შემადგენლობაში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი, რომელმაც მატჩის პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა. დიდ შესვენებაზე ბურგოსელები მასპინძლები 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა მეორე ნახევარში „ტენერიფეს“ ფორვარდებმა რაც პირველ ტაიმში დააკლეს, მეორეში ჩააგდეს და მესამე პერიოდი კუნძულელებმა 31:11 მოიგეს.

პირველშიც და მეორეშიც მეტად სასარგებლოები იყვნენ გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი და ცენტრი გიორგი შერმადინი. ბრაზილიელმა უერტასმა 20 ქულა, 9 პასი ჩაიწერა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო იყო – 28.

შერმადინმა მატჩი 11 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა – 22. ამ კომპონენტზე დიდი გავლენა იქონია ჯარიმების რაოდენობამ: შერმადინზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად ერთი ფოლი მიიღო. 9 ჯარიმა თავისთავად მიუთითებს, რაოდენ უხეშად ეთამაშებოდნენ 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს.

რაც შეეხება მაკფადენს, თადმა შეხვედრა 10 ქულითა და 4 პასით დაასრულა. ტენერიფეს მეტოქე ნახევარფინალში ბარსელონასა და ხუვენტუდს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. კატალონიელები სერიას 1:0 იგებენ და დიდი ალბათობით ნახევარფინალშიც გავლენ.