საქართველოს ნაკრებიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი შერმადინმა პირველი მატჩი ვალენსიაში გამართა. ამავე სახელწოდების გუნდთან გიორგის „ტენერიფე“ თანაბარ ბრძოლაში ბოლო წამებზე დამარცხდა – 72:77.
გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მატჩი 6 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. ქართველი ცენტრი თავიდანვე საჯარიმოებით დაიტვირთა და ბოლო პერიოდის შუაწელში ის მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო გავარდა. „ტენერიფეში“ პირველი მატჩი გამართა არგენტინელმა ლეანდრო ბოლმარომ (9 ქულა), რომელიც „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი NBA-ში გამოდიოდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.
„ტენერიფეს“ 20 მატჩის შემდეგ 14 მოგება, 6 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა. ესპანეთის ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 მარტს „ხივენტუდის“ წინააღმდეგ გამართავს.