გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. კუნძულელებმა მორიგი ტურის მატჩი მოიგეს და მადრიდის რეალიც, ბარსელონაც და ნებისმიერი სხვა გუნდიც ზურგს უკან მოიტოვეს. 9 მოგება და 1 მარცხი – ეს ერთი წაგება ტენერიფელებს ბარსელონასთან აქვთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მარცხი (7 მოგების წიილ) განიცადა და ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი მადრიდის “ფუენლაბრადა” აღმოჩნდა. შერმადინის გუნდმა მატჩი 97:72 მოიგო. მეტოქეთა შორის სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართველი ცენტრის დიდად დატვირთვა საჭირო არ გამოდგა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 15:32 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო ფინელი სასუ სალინი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოაგროვა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა კი 17 ქულას 8 პასი წაამატა.
შერმადინის გუნდმა 10 ტურში 9 მოგება მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, პირველ ადგილზეა. ლენოვო ტენერიფე მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს ბადალონაში ხუვენტუტთან ჩაატარებს.