შერმადინმა და ბოისამ “ოლიმპიას” “ზლატაროგთან” ულიდერეს

შერმადინმა და ბოისამ “ოლიმპიას” “ზლატაროგთან” ულიდერეს

გიორგი შერმადინმა და ვლადიმერ ბოისამ დიდებულად ითამაშეს და „ოლიმპიას“ შემადგენლობაში საუკეთესოებიც გახდნენ, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მათმა გუნდმა წააგო. სლოვენიის ჩემპიონატში საწყისი 3 გამარჯვების შემდეგ ლიუბლიანელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი გამოდგა – „ოლიმპიამ“ ამჯერად შინ „ზლატოროგთან“ წააგო – 75:77.
 
ტრადიციულად, ორივე ჩვენიანი ხუთეულში იყო და თითქმის თანაბარი დროითაც ითამაშეს. შერმადინს ლიუბლიანელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (27) ჰქონდა, რომლის შემდეგაც ბოისა მოდიოდა (16), მერე კი ვლადო ილიევსკი (13).
 
შერმადინმა 23:10 წუთი ითამაშა და 9–დან 6 ორქულიანი ჩააგდი, საჯარიმოს ხაზიდან კი შეუმცდარი იყო: 5–დან 5. გიორგიმ თავისიანთ შორის ყველაზე მეტი, 17 ქულა მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაყოლა.  ბოისამ 23:21 წუთი დაჰყო მოედანზე, რის განმავლობაშიც 14 ქულა (8–დან 6 ორქულიანი, 2–დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრების წევრები საკმაოდ შედეგიანები იყვნენ, მაგრამ სხვებმა ვერ აუბეს მხარი და საბოლოოდ „ოლიმპიამ“ მარცხი განიცადა.
 
„ოლიმპია“ მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. პირველზე დაუმარცხებელი „კრკაა“, მეორეზე კი 1 წაგების მქონე „ზლატაროგი“.