„ოლიმპიას“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი თანდათან გუნდის ლიდერად ყალიბდება. 216 სანტიმეტრი სიმაღლის შერმადინი მესამე მატჩია, მაღალ დონეზე თამაშობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე დიდ ხანს არ ამყოფებენ.
ოლიმპიელთა სხვა მოთამაშეები – დამირ მარკოტა, კენი გრეგორი, საშო ოზბოლტი მოედანზე 30–35 წუთს ატარებენ, შერმადინს კი თუ 20 წუთზე მეტით გამოიყვანენ მოედანზე, დიდი იშვიათობაა. ეს იშვიათობა ევროლიგის გასულ ტურში მოხდა, როცა „ოლიმპია“ „მაკაბის“ ისრაელში სტუმრობდა. ქართველმა ცენტრმა 24:31 წუთი დაჰყო მოედანზე და თავისიანთაგან ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა. სამწუხაროდ, შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდმა უშანსოდ – 67:104 წააგო.
შერმადინმა 7 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და საბოლოოდ 15 ქულა მოაგროვა. გიორგიმ 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (22) შერმადინს ოლიმპიელთაგან ბადალი არ ჰყავდა. მარკოტამ და გრეგორიმ 14–14 ქულა შესძინეს „ოლიმპიას“, თუმცა მათ მოედანზე 33 წუთზე მეტ ხანს დაჰყვეს და სროლათა კოეციფიენტი და სხვა მაჩვენებლები დაბალი ჰქონდათ .
ვლადიმერ ბოისამ მოედანზე 1:37 წუთი დაჰყო და ამ მოკლე დროში ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. სამი ტურის შემდეგ ტოპ-16-ის F ჯგუფს 3 მოგებით კატალონიური “ბარსელონა” ლიდერობს, “მაკაბის” 2 მოგება აქვს, “ოლიმპიას” – 1, ხოლო რომის “ლოტომატიკა” ჯერაც პირველი წარმატების მოლოდინშია. ლიუბლიანელები მორიგ შეხვედრას 17 თებერვალს შინ ჩაატარებენ და “მაკაბის” წინააღმდეგ რევანშის აღებას ეცდებიან.