შერმადინმა “პანათინაიკოსს” 13 ქულა მიაშველა

მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა ევროპის გრანდ „პანათინაიკოსის“ რიგებში ახალგაზრდა ქარველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა. „პანათინაიკოსმა“ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შინ „კავალა“ 96:69 დაამარცხა, „მწვანეების“ 216–სანტიმეტრიანმა ქართველმა კი 13 ქულა მოაგროვა.
ზოგადად, 13 ქულა არაა ბევრი, თუმცა როცა მის შეგროვებას მხოლოდ 11 წუთს ანდომებ, ეს არცთუ უბრალო ამბავია. შერმადინმა ჩააგდო 6–დან 5 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო, ხოლო მისმა ნასროლმა ერთადერთმა სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია.
შერმადინმა 13 ქულის გარდა 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. უნდა ითქვას, რომ „პანათინაიკოსში“ შერმადინზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა მოაგროვა: ნიკოლა პეკოვიჩმა 16, ხოლო ენდრიუ ნიკოლასმა – 14.