ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული გიორგი შერმადინისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. ლენოვო ტენერიფემ მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩიც წააგო უნიკახასთან, ამჯერად მალაგაში და პლეი ოფს გამოეთიშა. პირველი შეხვედრა ტენერიფელებს შინ 59:72 წააგო, საპასუხო შეხვედრაში კი კიდევ უფრო უიმედო მარცხი განიცადა – 74:97 და სეზონიც დაასრულა.
ტენერიფემ პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგო (22:13), თუმცა უნიკახამ მეორე მეოთხედში საოცრად ითამაშა და შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 50:36. ამის შემდეგ ტენერიფელებმა თამაშის შემობრინება ვეღარ მოახერხეს.
თავდაპირველი ინფორმაციით, ტენერიფეში ვირუსი მძვინვარებდა, საუბარი იყო ნაწლავურ ინფექციაზე, რომელმაც მწყობრიდან ლამის ნახევარი გუნდი გამოიყვანა. გიორგის ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, თუმცა ის პარკეტზე მაინც ვიხილეთ. შერმადინმა ძალიან ცოტა დრო მიიღო. მან 8:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
შერმადინის გუნდმა სერია 0:2 დათმო და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა დაასრულა. უნიკახა ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, მათი მეტოქე ნახევარფინალში ბარსელონასა და ვალენსიას შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.