შერმადინს 16 წუთი ეყო, ფინალის საუკეთესო მოთამაშე რომ გამხრადიყო

შერმადინს 16 წუთი ეყო, ფინალის საუკეთესო მოთამაშე რომ გამხრადიყო

დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით დაამარცხა „ოლიმპიამ“ „კრკა“ და სლოვენიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ლიუბლიანელებმა გასვლითი 23–ქულიანი წაგების შემდეგ „კრკას“ დამარცხება გაჭირვებით მოახერხეს. ქართველი გულშემატკივარისთვის კი ის უფრო სასიამოვნოა, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა.
 
ოლიმპიელთაგან ყველაზე მეტი: 12–12 ქულა გიორგი შერმადინმა და გორან იაგოდნიკმა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა ბოლო წამებზე, როცა ანგარიში საყაიმო (59:59) იყო, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. საჭირო გახდა ვიდეორეფერის მოშველიება. მსაჯებმა ფირი უკან გადაახვიეს და ეკრანზე ნახეს, მოასწრო თუ არა იაგოდნიკმა სირენამდე ბურთის სროლა. საქმე იმაშია, რომ ფარქვეშ მდგარმა იაგოდნიკმა პირველი სროლა ააცილა, თუმცა ბურთი თავადვე მოხსნა და მყისვე ხელმეორედ ესროლა, რომელიც ჩავარდა და ოლიმპიელებს გამარჯვება მოუტანა – 61:59. იაგოდნიკის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა საბოლოოდ 16 შეადგინა, თუმც შერმადინმა მასზე ერთით მეტი – 17 დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
 

გიორგი შერმადინი  (მარჯვნივ) დაცვაშიც კარგად ირჯებოდა
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ოლიმპიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მან მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა და ეს დრო იმყოფინა, საუკეთესო შედეგი რომ ეჩვენებინა. შერმადინი გამორჩეულად აქტიური იყო სამწამიანში და მეტოქეები აიძულა, მასზე 7–ჯერ დაჯარიმებულიყვნენ. გიორგის 10 საჯარომოს სროლა მოუხდა, საიდანაც 8 წარმატებით შეასრულა. პლუს ამას მან 2–დან 2 ორქულიანიც ჩააგდო, 12 ქულა დააგროვა და ამას 3 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაც მოაყოლა.
 
საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა ვლადიმერ ბოისამ ოედანზე მხოლოდ 2 წუთი და 40 წამი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ბოისამ 2 ჯარიმის მიღება მოასწრო. ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 7 ივნისს, ნოვო მესტოში გაიმართება. სერია სამ გამარჯვებამდე გრძელდება, მოედნის უპირატესობა კი „კრკას“ აქვს.