შერმადინს ცხვირი გაუტეხეს, ცინცაძემ 11 ქულა ჩააგდო, მარკოიშვილი ფინალში გავიდა

შერმადინს ცხვირი გაუტეხეს, ცინცაძემ 11 ქულა ჩააგდო, მარკოიშვილი ფინალში გავიდა

გიორგი შერმადინისთვის უიღბლოდ დაიწყო მოსკოვური ალექსანდრ გომელსკის სახელობის ოთხთა ტურნირი, რომელშიც მის „პანათინაიკოსთან“ ერთად რუსული ცსკა, „ტრიუმფი“ და ლიტვური „ლიეტუვოს რიტასი“  მონაწილეობენ. რუსულ “ტრიუმფთან” მატჩის პირველივე წუთებზე შერმადინს ორთაბრძოლისას ცხვირი გაუტეხეს, რის შემდეგაც, გიორგიმ, ბუნებრივია, მოედანი დატოვა.
 

 
ათენელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში დააყენა, თუმცა, მალევე გიორგის სახეში მეტოქის ხელი მოხვდა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“პანათინაიკოსის” ექიმმა ტანასის კონიდისმა შერმადინი პირდაპირ მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას რენტგენი გადაუღეს, მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კი ობრადოვიჩმა განაცხადა, რომ ქართველს ცხვირი გაუტყდა და მკურნალობას საჭიროებს.
შერმადინს უქმობა დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში მოუწევს, უფრო დაზუსტებული ინფორმაცია კი, ათენელთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
თავად შეხვედრა მოულოდნელად დაძაბული გამოდგა და “პანათაინაიკოსმა” მხოლოდ 66:62 იმარჯვა. “ტრიუმფთან” შეხვედრაში ბერძნული კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია, საუკეთესო კი მონტენეგროს ნაკრების ლიდერი ნიკოლა პეკოვიჩი (16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი) გახლდათ.
გომელსკის თასის ფინალში, 3 ოქტომბერს, “პანათინაიკოსი” მოსკოვის ცსკა-ს ეთამაშება, რომელმაც ლიტვური “ლიეტუვას რიტასი” 74:67 დაამარცხა. “პანათინაიკოსი” და ცსკა ერთმანეთს ევროლიგის გასული გათამაშების ფინალში გადაეყარნენ და მაშინ ათენელებმა 73:71 იმარჯვეს.
როდოსზე დაწყებულ ოთხთა ტურნირზე წარუმატებელი სტარტი აიღო გიორგი ცინცაძის “ტრიკალამ”. მასპინძელ “კოლოსოსთან” შეხვედრაში ტრიკალელები 78:81 დამარცხდნენ, ქართველმა კალათბურთელმა კი 11 ქულა მიითვალა.
3 ოქტომბერს ცინცაძის კლუბი “კავალას” დაუპირისპირდება.
რუფოს მემორიალის სახელით ცნობილი ოთხთა ტურნირი გამარჯვებით გახსნა მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ”. ქართველი კალათბურთელის კლუბმა “ფერარას” ოვერტაიმში 92:87 სძლია, “მანუმ” კი 14 ქულა მიითვალა.
დღეს მარკოიშვილის გუნდი ფინალში „არმანსა“ და „ვარეზეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.