სკოლებს შორის საქართველოს ჩემპიონატი აჭარისა და იმერეთის გამარჯვებით დასრულდა

სკოლებს შორის საქართველოს ჩემპიონატი აჭარისა და იმერეთის გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს მასშტაბით სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრება მიმდინარეობს. სპორტისა და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეირჩა 8 პრიორიტეტული სახეობა, რომელთაგან ყველა სკოლა ვალდებულია, ერთ–ერთი აირჩიოს და გაკვეთილები ჩაატაროს. ერთ–ერთი პრიორიტეტულ სპორტის სახეობად კალათბურთია მიჩნეული. სწორედ კალათბურთში გამოვლინდა დღეს საქართველოს საუკეთესო სკოლა.
 
1 თვის წინ სკოლათა შორის თბილისის ჩემპიონატი ჩატარდა და 13 ივნისს საუკეთესოც გამოვლინდა. დედაქალაქის პირველობა ეგრედ წოდებულმა „კომაროვის“ სკოლამ მოიგო, რომელმაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მოგვიანებით დაიწყო საქართველოს დანარჩენ რეგიონებს შორის სასკოლო შეჯიბრი კალათბურთში და ყველა რეგიონში საუკეთესო გამოვლინდა. მთლიანობაში ტურნირში მონაწილეობა დაახლოებით 1500–მა საშუალო სკოლამ მიიღო.
 

 
 ასეთი მასშტაბური საკალათბურთო ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ტურნირს ორგანიზება სპორტისა და განათლების სამინისტროებმა კალათბურთის ფედერაციის დახმარებით მოახერხეს. რეგიონებში საუკეთესო გუნდების გამოვლების შემდეგ ფინალური ეტაპი 5–6 ივლისს თბილისში ჩატარდა. შეხვედრებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
 
იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, ქართლი, კახეთი … საქართველოს თითოეულ რეგიონს დედაქალაქის ჩათვლით თითო გუნდი წარმოადგენდა. მატჩებმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და დღეს გამარჯვებულებიც გამოვლინენ. მაშ ასე, გოგონებში საქართველოს ჩემპიონი იმერეთის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში კახეთს 9:7 მოუგო. მესამე ადგილისთვის მატჩში კი შიდა ქართლის გუნდმა რაჭას 8:2 მოუგო.
 

 
ვაჟებში მესამე ადგილისთვის იმერეთმა 12:2 სძლია მცხეთა–მთიანეთს. ფინალურ მატჩში კი ზემოთნახსენები თბილისის „კომაროვის“ სკოლა აჭარის საუკეთესო – ბათუმის მეორე საშუალო სკოლის გუნდს შეხვდა. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლოს აჭარლებმა იძალეს, რომლებმაც საბოლოოდ 18:15 გაიმარჯვეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
 
უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად საქართველოს ჩემპიონატი სკოლებს შორის კალათბურთში პირველად ჩატარდა. ტურნირი ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება და შესაბამისად სრულიად საქართველოს მასშტაბით ტალანტების მოძიების შეუქცევადი პროცესიც გაგრძელდება.
 

ვაჟებს შორის საქართველოს საუკეთესო – ბათუმის სკოლის გუნდი
 

ბათუმელთა კაპიტან ირაკლი ემირიძეს თასს სუპერლიგის
დირექტორის მოადგილე პაატა ლობჟანიძე გადასცემს
 
 
 

გოგონათა შორის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი
 

გოგონათა შორის ფინალისტი – კახეთის გუნდი