თბილისის მასშტაბით სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრება მიმდინარეობს. სპორტისა და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეირჩა 8 პრიორიტეტული სახეობა, რომელთაგან ყველა სკოლა ვალდებულია, ერთ–ერთი აირჩიოს და გაკვეთილები ჩაატაროს. ერთ–ერთი პრიორიტეტულ სპორტის სახეობად კალათბურთია მიჩნეული. სწორედ კალათბურთში გამოვლინდა დღეს თბილისის გამარჯვებული.
დიღომში მდებარე თბილისის „დინამოს” საკალათბურთო დარბაზში საუკეთესოები თბილისის საჯარო სკოლებს შორის გამოვლინდნენ. გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალკათბურთელმა თორნიკე შენგელიამ დააჯილდოვეს.
ვაჟებს შორის გამართული ტურნირი ვაკე საბურთალოს რაიონის წარმომადგენელმა „კომაროვის” სკოლის გუნდმა მოიგო, რომელმაც მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მე-20 საჯარო სკოლა 25:7 დაამარცხა. მესამე ადგილზე კი გლდანი-ნაძალედევის წარმომადგენელი სკოლა გავიდა. გოგონებში ჩემპიონობა არავის დაუთმო ვაკე-საბურთალოს რაიონის, 192-ე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელმაც ფინალში 18:8 გლდანი-ნაძალადევის გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი მთაწმინა-კრწანისის გუნდი გავიდა.
ეს იყო აღნიშნული ტურნირის დასკვნითი დღე, თორემ საკალათბურთო შეჯიბრი კარგა ხანია მიმდინარეობს და მასში თბილისის თითქმის ყველა სკოლა მონაწილეობდა. შეჯიბრებები თავდაპირველად თბილისის რაიონებში ჩატარდა. თითოეულმა რაიონმა საუკეთესო სკოლა გამოავლინა, რის შემდეგაც თბილისის ფინალური ტურნირიც ჩატარდა. ასე და ამგვარად, გამოვლენილია დედაქალაქის საუკეთესო სკოლა, რომელსაც საქართველოს დანარჩენი რეგიონების გამარჯვებულებიც დაემატებიან და სულ ბოლოს ფინალური ტურნირიც გაიმართება, რომელიც კალათბურთში საქართველოს საუკეთესო სკოლას გამოავლენს. სპორტისა და განათლების სამინისტროთა მხარდაჭერით აღნიშნულ ტურნირს ორგანიზაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უწევს.
ლადო ვარძელაშვილი: „თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრება მიმდინარეობს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მწვრთნელებს საშუალება აქვთ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინონ და ხელი შეუწყონ. მიმდინარე წელს ტურნირი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ყველა საჯარო სკოლა მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.”
ბესიკ ლიპარტელიანი: “სასიამოვნოა, რომ გამოკითხვის შემდეგ საჯარო სკოლების დიდმა ნაწილმა სათამაშოდ კალათბურთი აირჩია. ეს ტურნირი ხელს შეუწყობს ნიჭიერი ბავშვების გამოჩენას, რომლებსაც მაქსიმალურად დავეხმარებით. ერთის მხრიც ბავშვები სპორტით არიან დაკავებულები, მეორეს მხრივ კი სურვილის შემხვევაში პროფესიონალ სპორტსმენებათ ჩამოყალიბების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ძალიან კარგია”.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ფინალურ მატჩს თვალს ადევნებენ
შეტევაზეა მე–20 სკოლის ფორვარდი თენგიზ ხუციშვილი
გამარჯვებული გუნდის კაპიტან გიორგი ქობალავას
მინისტრი ლადო ვარძელაშვილი აჯილდოვებს
პრიზიორები ეროვნული ნაკრების წევრმა
თორნიკე შენგელიამაც დააჯილდოვა
ბესიკ ლიპარტელიანი
მინისტრი ლადო ვარძელაშვილი გამარჯვებული
გუნდის წევრებს აჯილდოვებს