სტუდენტური ლიგის ფინალური სერიის მატჩები 13 და 14 ივლისს გაიმართება

სტუდენტური ლიგის ფინალური სერიის მატჩები 13 და 14 ივლისს გაიმართება

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ფედერაციების პირველი ერთობლივი ტურნირი დასასრულს უახლოვდება. სტუდენტური კალათბურთის ლიგაში გამოსავლენი დარჩა ჩემპიონი და მე-3 ადგილის მფლობელი. აღნიშნული ტურნირი აქამდეც იმართებოდა, თუმცა ამ სეზონიდან მის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ჩაერთო და გუნდებს საშუალება მიეცათ, წარმატების შემთხვევაში, პროფესიონალური კალათბურთის ლიგაში მოიპოვონ ადგილი. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის ჩემპიონი კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “ა” ლიგაში მიიღებს ადგილს, სადაც გუნდებს სახელმწიფო დაფინანსება გააჩნიათ, ხოლო “ა” ლიგიდან წარმატებულ გუნდებს სუპერლიგაში აქვთ გზა გახსნილი.

ჩემპიონობისთვის ტექნიკური უნივერსიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის გუნდები იბრძოლებენ. ეს გუნდები ტურნირის პირველ ეტაპზე ჯგუფში ერთად იყვნენ და მაშინ ტექნიკოსებმა ორივე მატჩი მოუგეს “სპორტსმენებს”. ორივე გუნდმა წარმატებით დაძლია პლეი ოფის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ბარიერები და ფინალში კვლავ ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. ამჯერად ჯილდო სოლიდურია – სტუდენტური ლიგის ჩემპიონობა და “ა” ლიგის საგზური.

ჩემპიონი 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. ფინალური სერიის მატჩები 13 და 14 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. მესამე ადგილისთვის ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები – ილიაუნი და თსსუ ითამაშებენ. ბრინჯაოს მფლობელი ერთი მატჩით გამოვლინდება და იგი 13 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.