სტუდენტურის “ა” ლიგაში დასარჩენად თსუ-მ პირველი ნაბიჯი გადადგა

სტუდენტურის “ა” ლიგაში დასარჩენად თსუ-მ პირველი ნაბიჯი გადადგა

სტუდენტურ ლიგაში პრიზიორებთან ერთად გასარკვევი დარჩა ლიგაში დამრჩენი გუნდების სრული ოდენობა. ბოლო ადგილზე გასულმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტურის “ბ” ლიგაში გადაინაცვლა, ხოლო ბოლოსწინა თსუ დასარჩენად იბრძვის. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს საკვალიფიკაციო რაუნდი “ბ” ლიგის მეორეადგილოსან გეომედთან აქვს. სერია ორ მოგებამდე გრძელდება, პირველი მატჩი კი 10 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

მატჩი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. გიორგი ჩხეიძის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 92:78 (იხილეთ სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებულებს 21 ქულითა და 10 მოხსნით პაპუნა ახალაძემ ულიდერა. 15 ქულა ჰქოონდა ირაკლი გლუნჩაძეს, ხოლო 14 – ლუკა სანიკიძეს. გეომედში 28 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ირაკლი ჯებაშვილი. ბაქარ გაბისიანმა 31 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 

სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება.