FIBA-ს სემინარი თბილისში: კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი ლიცენზიები სტატისტიკოსებისთვის

FIBA-ს სემინარი თბილისში: კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი ლიცენზიები სტატისტიკოსებისთვის

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საკალათბურთო სტატისტიკოსთა სემინარს უმასპინძლა, რომელიც FIBA-ს ეგიდით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ქართველი სპეციალისტებისთვის საერთაშორისო ლიცენზიების განახლება და კვალიფიკაციის ამაღლება გახლდათ. სემინარს FIBA-ს ოფიციალურმა ინსტრუქტორმა, პოლონელმა სპეციალისტმა კრისტიან გორალსკიმ გაუძღვა. იგი საქართველოში ორი წლის წინაც იმყოფებოდა, სადაც მსგავსი სასწავლო კურსი ჩაატარა, რის შედეგადაც ქართველმა სტატისტიკოსებმა შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.

სემინარს 20-მდე ქართველი სტატისტიკოსი დაესწრო. მონაწილეებმა თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკული რეკომენდაციებიც მოისმინეს. სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა FIBA-ს ოფიციალურ პორტალზე ონლაინ ტესტირება გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მოიპოვეს. აღნიშნული ლიცენზია ორწლიანი ვადით გაიცემა და სტატისტიკოსებს საშუალებას აძლევს, მოემსახურონ FIBA-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო მატჩებს, როგორც ეროვნული ნაკრებების, ისე საკლუბო ტურნირების დონეზე.

სემინარს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგიდის მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგი კვერენჩხილაძე, ხოლო მისმა მოადგილემ, გიგა ეფრემიძემ, მონაწილეებთან ერთად გაიარა ტესტირება და FIBA-ს სერტიფიკატი მიიღო. მსგავსი სემინარების პერიოდულად ჩატარება ხელს უწყობს ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივ შესაბამისობაში ყოფნას, რაც აუცილებელი პირობაა მაღალი რანგის საკალათბურთო მატჩების ღირსეულად მომსახურებისთვის.