4 მატჩი და 4 მოგება – ბექა წივწივაძის გაწვრთნილი “კავკასია”, რომელიც სუპერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, ერთპიროვნული ლიდერია. დღეს, სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლო 2 მატჩში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით ჩემპიონატს გამოკვეთილი ლიდერი შერჩა. აქამდელი სამხელისუფლიანობა კავკასიის ერთპიროვნულმა ლიდერობამ შეცვალა. სამიდან 3 მოგების მქონე “კაკტუსი” “მეგასთან” დამარცხდა, ანალოგიური შედეგის მქონე “რუსთავი” ისვენებდა, ხოლო კავკასიელებმა “ტიტები” 94:85 (სტატისტიკა) დაამარცხეს და სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.
“ტიტებმა” საკმაოდ კარგად დაიწყო მატჩი და სადებიუტო ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა. სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი 5:12 ჩამორჩენიდან გალიდერდა და საწყისი პერიოდი 24:15 მოიგო. მეორე ათწუთეულიდან სრული დატვირთვით ამოქმედდნენ კავკასიის ამერიკელი ლეგიონერები – კრის მაკნილი და ჯასტინ ფორესტი. მაკნილი წინა სეზონში სწორედ ტიტებში თამაშობდა და ზედ პლეი ოფის წინ გუნდი მოულოდნელად დატოვა. ის ამ სეზონის წინ კავასიელებმა ჩამოიყვანეს და ჯერჯერობით მისი მხოლოდ მადლიერები არიან.
ბექა წივწივაძის გუნდს მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია და დუდუ დადიანის მემორიალსა და სუპერლიგაში ჯამში 9 მატჩი მოიგო. თითქმის ყველა შეხვედრაში ამინდის შემქმნელი სწორედ მაკნილი გახლდათ და ასე იყო ამჯერადაც. მისი და ჯასტინ ფორესტის წინამძღოლობით, რასაც კავკასიელთა გუნდური დაცვა ერწყმოდა, წივწივაძის გუნდმა მეორე პერიოდი 20 ქულით (35:15) მოიგო და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა – 50:39.
ტიტები დანებებას არ აპირებდა. ბესო ლეჟავამ ადეკვატური ტაქტიკური გადაადგილებები მოახდინა, მოთამაშეებმაც გაუმართლეს და მატჩის განახლებიდან 8 წუთში ანგარიში გათანაბრდა – 63:63. თამაში ახლიდან დაიწყო და კავკასიელთა საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს ხელმეორედ შეკვრა და ფსიქოლოგიური უპირატესობის მქონე მეტოქის ჩამოტოვება. ლევან გოგიჩაიშვილის და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის სამქულიანების, ასევე აიზია ელისის ფარქვეშა შედეგიანობის შემდეგ კავკასია კვლავ ხელჩასაჭიდად (77:70) დაწინაურდა და თამაშის დამთავრებამდე დარჩენილი 7 წუთიც ისე ჩაამთავრა, მეტოქე ახლოს არ გაიკარა.
კავკასიელთაგან საუკეთესო იყო აქამდე არაერთგზის ნახსენები კრის მაკნილი, რომელმაც 22 ქულა, 5 პასი და 2-2 ჩაჭრა-მოხსნა მიითვალა. აიზია ელისმა 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე კი 15 ქულა და 5 პასი დაგროვდა. ტიტებში 26 ქულით ორდანე კანდა გამოირჩა. 20 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა კენდრიკ ტომპსონის ანგარიშზეა. მიქაელ უგრეხელიძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 26, 27 და 28 ნოემბერს გაიმართება. 25 ნოემბერს კი პირველი ტურის სუპერთასის გამო გამოტოვებული მატჩი ჩატარდება. მაშინ ბათუმმა და ქუთაისმა სუპერთასი გაითამაშეს, პირველი ტურის მატჩს კი 25 ნოემბერს, ბათუმში ითამაშებენ.