სუპერლიგის მე-6 ტური დღეს და ხვალ, საქართველოს 4 ქალაქში – ტყიბულში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება. დღეს დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა. ერთმანეთს სუპერლიგის დებიუტანტები – ტყიბულის ორბი და გორის ივერიონი შეხვდნენ. მატჩი იმერეთში გაიმართა და მის სანახავად ტყიბულის დარბაზი პირთამდე შეივსო.
ორივე გუნდს მიმდინარე სუპერლიგაში თითო მოგება ჰქონდა მოპოვებული და შესაბამისად, ამ მატჩს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ისეთ დასასრულს არ იმსახურებდა, როგორიც ჰქონდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო და ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ მაყურებლებს დაძაბული ფინალური წუთები უნდა ეხილა, თუმცა ამას ტყიბულელი ქომაგებმა ნამდვილად არ ჩივიან, რადგან მათმა გუნდმა 10 ქულით – 94:84 (სუპერლიგა) გაიმარჯვა.
მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა გვარიანად დაწინაურებას. უმეტესად სტუმრები, დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გორელი კალათბურთელები ლიდერობდნენ, რომლებმაც პირველი პერიოდი 30:25 მოიგეს. ირაკლი ტომარაძის დამრიგებლობით ორბი თამაშში გარდატეხის შეტანას ცდილობდა და ეს არ გამოსდიოდა ისე, რომ დაწინაურებულიყო. ტყიბულელების მოწადინება ჩამორჩენის შემცირებას გასწვდა და დიდი შესვენებისთვის ივერიონს ლიდერობიდან 1 ქულა დარჩა.
მესამე პერიოდში კენი კუპერის მექულეობით მასპინძლებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტ მეოთხედამდე 3-ქულიანი ლიდერობით მივიდნენ. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში, როგორც იტყვიან, ქულა-ქულაში გაგრძელდა და მივადექით იმ ადგილს, თავში რომ ვახსენეთ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 ქულით ადრე ორბი 81:80 იგებდა და ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში გორელები გატყდნენ. დონტრელ მაკ ქუარტერის, კენი კუპერის და მიხეილ ჭოჭუას ქულებით ორბი 88:80 დაწინაურდა, რის შემდეგაც ივერიონი საბოლოოდ გატყდა და შეხვედრაც ისე დასრულდა, თამაში არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს 28 ქულით, 7 პასით, 6 მოხსნით და 5 ჩაჭრით კენი კუპერმა ულიდერა. 16-16 ქულა ნიკა ნუცუბიძემ და დონტრელ მაკ ქუართერმა მიითვალეს. ჯონ ნეიგლიმ მასპინძლებს 12 ქულა და 10 მოხსნა შემატა. ივერიონში 29 ქულითა და7 პასით კვენტინ ჰარდრიქტი გამოირჩა. 17 ქულა დააგროვა მეთიუ ნორმანმა, 16 – რიკარდო ლინჩმა.
დღეს მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც ბათუმი ითამაშებს.