ახალი საკალათბურთო სეზონის დაწყების დღეს, 1 ოქტომბერს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამედიცინო სამსახური კლუბების მედპერსონალს შეხვდა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებთან ერთად საჩუქრად პროფესიული ინვენტარი გადასცა.
შეხვედრას სუპერლიგის კლუბების ექიმები ესწრებოდნენ, რომლებსაც სიახლეები ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის, თემურ ხვედელიძის ასისტენტმა, კლუბ გურჯაანის დელტას ექიმმა, თორნიკე გოგიჩაიშვილმა გააცნო. მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ ფედერაციის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ტურნირის (სუპერლიგა, ა ლიგა, ასაკობრივი ტურნირები) მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უახლოეს პერიოდში გუნდებს დაეგზავნებათ ის აუცილებელი სადიაგნოსტიკო პროცედურების სია, რომლებიც თითოეულმა კალათბურთელმა უნდა ჩაიტაროს და ფედერაციის სამედიცინო სამსახურს მიაწოდოს. სამედიცინო შემოწმებაზე აქამდე გუნდები იყვნენ პასუხისმგებელნი, ახლა კი მათ ამ საქმიანობას ფედერაცია გააკონტროლებს. აღნიშნული საკითხის მოწესრიგება ფედერაციის მხრიდან წლებია, იგეგმებოდა და ახალი სეზონიდან იგი ერთ სისტემაში მოექცევა.
გუნდების ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სეზონიდან გაძლიერდება დოპინგ-ტესტირება, რაც მოთამაშეების უსაფრთხოებისა და ჯანსაღი გარემოს გაძლიერების საწინდარია. პროცესს გაუძღვება საქართველოს ანტი-სადოპინგო ასოციაცია, რომლის წარმომადგენლები გასულ სეზონშიც ამოწმებდნენ მოთამაშეებს, თუმცა ახლა ამ საკითხს პერმანენტული ხასიათი მიეცემა.
ფედერაციის სამედიცინო სამსახური მეტ ყურადღებას დაუთმობს კლუბების მედიკოსების განვითარების საკითხს და პერიოდულად ჩაატარებს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.
შეხვედრა მედიკოსთათვის სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიკოსთა ჯგუფის ინიციატივითა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით სუპერლიგის კლუბებს ნაკრების მარაგიდან საჩუქრად გადაეცათ თანამედროვე ელექტრონული ვიბრო-მასაჟორები.