სუპერლიგის მე-5 ტური ქუთაისმა ორბის ძლევით დახურა

სუპერლიგის მე-5 ტური ქუთაისმა ორბის ძლევით დახურა

დასრულდა სუპერლიგის მე-5 ტური, რომლის ბოლო, მე-5 შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისი 2010-მა ტყიბულის ორბს უმასპინძლა და ბოლო პერიოდში გატეხა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ირაკლი ტომარაძის ორბი 104:87 (სტატისტიკა) დაამარცხეს და სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მიპოვეს.

ქუთაისი 2010 ამ სეზონში ფიბა ევროპას თასზე გამოდის და ამ ტურნირზე გასამართი ერთი შეხვედრა დარჩა, რომელსაც 13 ნოემბერს თბილისში, ბულგარულ “ბალკანთან” ჩაატარებს. ევროგრაფიკიდან გამომდინარე ტუღუშის გუნდს სუპერლიგაში დატვირთული გრაფიკი აქვს, რის გამო ისე ვერ ემზადება მატჩებისთვის, როგორც ისურვებდა. ამის გამოა, რომ ქუთაისელებმა სუპერლიგის მე-3 ტურში წაგება იგემეს, დღეს კი გაიმარჯვეს, მაგრამ ორბისგან საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

არადა, ქუთაისმა კარგად დაიწყო და პირველ პერიოდში 31:26 იმარჯვა, თუმცა მეორეში ორბმა შესაშური შედეგიანობა გამოავლინა და მასპინძლებს 10-უთეული 13 ქულით – 29:16 მოუგო. დიდ შესვენებაზე ტყიბულელები 8 ქულით იგებდნენ და მასპინძლებს ტაქტიკის რამდენჯერმე შეცვლა მოუწიათ. მესამე პერიოდის დასაწყისში ანგარიში გათანაბრდა და ბოლო პერიოდამდე ქულა-ქულაში ბრძოლა მიმდინარებდა.

გარდამტეხი გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელშიც ქუთაისმა მატჩზე კონტროლი საბოლოოდ დაამყარა და გამარჯვებამდეც ზედმეტი გართულების გარეშე მივიდა. სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა ელია ჯოინერმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 24 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დაგროვდა. 18 ქულა და 7 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა. 15 ქულით გამოირჩა გიორგი ოჩხიკიძე, 12 ქულა ბექა ბექაურმა დააგროვა. ორბის შემადგენლობაში 14 ქულითა და 10 პასით საუკეთესო შედეგი ლუკა ლიკლიკაძემ დააფიქსირა, ბომბარდირი კი 20 ქულით დონდრე რედიკი გახდა. 19 ქულა ჯეიდან გრეივსის ანგარიშზეა. 

სუპერლიგაში სანაკრებო ფანჯრის გამო 19-დღიანი შესვენება გამოცხადდა. მორიგი, მე-6 ტურის მატჩები 29-30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება.