ერთი თავისებურებით ყველასგან გამორჩეული სუპერლიგის მე-5 ტური დასრულდა. თავისებურება ის გახლდათ, რომ ხუთივე მატჩში სტუმარმა გუნდმა იმარჯვა. პარასკევს ბათუმმა შინ წააგო ზესტაფონის მარგვეთთან, ხოლო შაბათს ივერიონი გორში ქუთაისთან დამარცხდა, ხოლო თბილისი არენაზე რაშმა გამარჯვება რუსთავს გაატანა, ორი თბილისური გუნდის – კსუ-სა და ვსა-ს დაპირისპირებაში კი ნომინალურმა მასპინძელმა კსუ-მ წააგო.
მე-5 ტურის დარჩენილი ერთი მატჩი კვირას, გურჯაანში გაიმართა. დელტამ ტყიბულის ორბს უმასპინძლა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა იმერულმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით – 78:77 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. არადა, თამაში მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. პირველ პერიოდში ორბმა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდეს, გურჯაანელებმა კი 19 და 14 ქულით დაწინაურდნენ.
დიდი შესვენებისთვის დელტას უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა, მერე კი სტუმრების ჯერი დადგა. ლეგიონერთა დახმარებით ტყიბულელებმა მესამე პერიოდი 28:20 მოიგეს და დასკვნით ათწუთეულს 7-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. მთავარი მოვლენებიც ბოლო წუთებზე განვითარდა. ორბმა ლიდერობა მოიპოვა და ბოლომდე, რომ იტყვიან, კბილებით შეინარჩუნა.
გამარჯვებულებს 27 ქულით თომას მურმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა ბექა ლომაშვილმა, ხოლო შონ მურის ანგარიშზე 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. დელტაში 20 ქულით შონ გრანტი გამოირჩა. ოთარ ბულიავას ანგარიშზე კი 13 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის ცხრილს 4-4 მოგებითა და თითო წაგებით ორბი და ვსა ლიდერობენ. შემდეგი ტურის მატჩები 14 და 15 ნოემბერს – საქართველოს ხუთ ქალაქში – ზესტაფონში, ტყიბულში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ამ თანმიმდევრობით გაიმართება.
