კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ მომავალ სეზონში ევროტურნირში იასპარეზებს. მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც ევროტურნირზე თამაშის სურვილი დააფიქსირა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში სექტემბერში იასპარეზებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდება, მეორე ევროტურნირში – ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
8 აგვისტოს, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრის დასრულების შემდეგ გერმანიის ქალაქ მიუნხენში აღნიშნული ტურნირის წილისყრა გაიმართა. მას თსუ-ს პრეზიდენტი, ირაკლი ხარჯავანიძე დაესწრო და საუნივერსიტეტო გუნდის სავარაუდო მეტოქეებიც შეიტყო. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში თსუ-სა და ბენფიკას შორის დამარცხებული გუნდი ფიბა ევროპის თასის I ჯგუფში მოხვდება იტალიურ “ვარეზესთან”, ფრანგულ “შოლესთან” და გერმანულ “გოტინგენთან”.
ფიბა ევროპის თასი ჩემპიონთა ლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი ტურნირია, თუმცა თუნდაც თსუ-ს ჯგუფიდანაც კარგად ჩანს, როგორი სოლიდური ტურნირია. შოლე, ვარეზე და გოტინგენი ევროლიგის დონისანი არ არიან, მაგრამ სამივე საკმაოდ ძლიერი კლუბია. ფიბა ევროპის თასზე მოსახვედრად ცალკე იმართბა საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს და მათგან საუკეთესო 7 მიიღებს ძირითადი ეტაპის საგზურს.
მთლიანობაში ფიბა ევროპის თასში 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრამ გუნდები 10 ჯგუფში გაანაწილა. თითოეული 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა: 10 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თსუ 25 სექტემბერს, ანტალიაში, პორტუგალიურ ბენფიკასთან გამართავს. მოგების შემთხვევაში თსუ საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში გავა და სლოვაკურ ლევიცესა და კვიპროსულ აეკ-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბენფიკასთან მარცხის შემთხვევაში ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც ჯგუფში მეტოქეები ვარეზე (იტალია), შოლე (საფრანგეთი) და გოტინგენი (გერმანია) იქნებიან.