საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო. თბილისსა და ზესტაფონში თითო შეხვედრა გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა თსუ-მ მე-8 ადგილზე გასული კსუ-კავკასია მიიღო და 85:74 (სტატისტიკა) დაამარცხა. ეს არ იყო იოლი გამარჯვება, თუმცა არც ისეთი დიდი ბრძოლა გამართულა, მატჩის ბედს 1 სროლა რომ წყვეტს ხოლმე.
დაძაბულობა უფრო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის იყო. მატჩი საკმაოდ ემოციური გამოვიდა – მსაჯებს არაერთი ტექნიკურის, არასპორტულისა და დისკვალიფიკაციის მიცემაც კი მოუხდათ. მოედნიდან კსუ-კავკასიას მთავარი მწვრთნელი, ბექა წივწივაძე დაითხოვეს, რისი მიზეზიც მეტოქეთა მიმართ კონფლიქტური სიტუაციის შექმნა იყო.
მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარი და შესაბამისად, საინტერესო გამოვიდა. პირველი პერიოდი ფრედ – 18:18 დასრულდა, მეორე კი კავკასიამ მინიმალური სხვაობით მოიგო და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 38:37.მესამე პერიოდიდან ყველაფერი შეიცვალა. თსუ-მ მოახერხა კავკასიელთა დაცვის დეზორგანიზება, რაშიც ლომის წილი თსუ-ს ლეგიონერ, კურვოსიე მაკკოლს მიუძღვის, რომელმაც პერიმეტრიდანაც დაბომბა მეტოქე და საჯარიმოდანაც.
მესამე პერიოდი უნივერსიტეტელებმა 25:12 მოიგეს, ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. თამაში ისე ჩამთავრდა, კავკასიას მეტოქესთან მიახლოების შანსი არ მისცემია. თსუ-ს მაკკოლმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ალექსანდრე ფევაძემ 9 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 14 ქულით კვენტინ ჰარდრიქტი, ხოლო 13-ით – მალკოლმ დრამრაითი გამოირჩნენ. კავკასიაში 14 ქულით საუკეთესო იყო ჰავიერ ბელი.
ამ წყვილში სერიის მეორე მატჩი 25 აპრილს, კვლავ თბილისი არენაზე გაიმართება.
ზესტაფონში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება, ფიცხელი ბრძოლისგან ის უფრო შორს იდგა. იყო მომენტი, როცა ზესტაფონის მარგვეთი 24 ქულით ამარცხებდა ორბს, საბოლოოდ კი 98:78 (სტატისტიკა) მოუგო. არადა, ეს გახლავთ ყველაზე თანაბარი წყვილი, რადგან რეგულარული ჩემპიონატი ამ გუნდებმა ცხრილში გვერდი-გვერდ დაასრულეს. მარგვეთი მე-4-ზე გავიდა, ორბი კი მე-5-ზე.
მარგვეთმა გუნდურად ითამაშა. ჩავარდნა არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია და გამარჯვებაში თავისი წვლილი ყველამ შეიტანა. მასპინძლებს 18 ქულთ, 9 მოხსნითა და 5 პასით კრისტიან ჯონსმა ულიდერა. 19 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, რომლის ანგარიშზე 5 პასიც იყო. ორბში 21 ქულით შონ მური გამოირჩა.
სერიის შემდეგ მატჩს კვლავ ზესტაფონი – 25 აპრილს უმასპინძლებს.