საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. საგზურის მოსაპოვებლად „ტენერიფეს“ დიდი ბრძოლები გადახდა თურქულ „კარშიაკასთან“. პლეი ინის სერია სამ მოგებამდე იყო. პირველი მატჩი ესპანელთა სასარგებლოდ დასრულდა, მეორე – თურქების, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას კი „ტენერიფემ“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე 74:71 გაიმარჯვა.
ბოლო წამებზე მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე „კარშიაკა“ სამი ქულით დაწინაურდა, თუმცა საპასუხო შეტევაში ბურთი მიიღო გიორგი შერმადინმა, რომელსაც სამი მეტოქე შემოეხვია, პასი სასტრეზე გაიტანა და მანაც სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 64:64.
დარჩენილ დროში სასტრემ კიდევ ორი სამიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო და მატჩის გმირი გახდა. ეს ბოლო წუთებზე, ისე კი მარგი ქმედების კოეფიციენტით ესპანურ კლუბში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო – +17. ქართველი ცენტრი დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP.
მისი სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 25 წუთი, 10 ქულა (6/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა.
შესანიშნავი იყო მარსელინიო უერტასი, რომელიც გუნდს თავიდან ბოლომდე გონივრულად ხელმძღვანელობდა და 11 შედეგიანი გადაცემაც მოუგროვდა. სასტრეს ანგარიშზე 15 ქულა დაფიქსირდა.
ტოპ-16-ში შერმადინის გუნდი L ჯგუფში ითამაშებს. მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან „სომბათჰეი“ (უნგრეთი), „ლიეტუვოს რიტასი“ (ლიეტუვა) და „სტრასბური“ (საფრანგეთი).
პირველი მატჩი ტენერიფელებს „სომბათჰეისთან“ 24 იანვარს ელით.