თბილისის U18 ჩემპიონატის ნახევარფინალში მართვე ჰიუნდაის შეხვდება, დინამო – აკადემიას

თბილისის U18 ჩემპიონატის ნახევარფინალში მართვე ჰიუნდაის შეხვდება, დინამო – აკადემიას

თბილისის 18-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული 4 მეოთხედფინალიდან 2 მატჩი განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა, 2-ში კი ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იოლად იმარჯვეს.

დავიწყოთ “მართვე 1”-ის გმირული გამარჯვებით, რომელმაც გათამაშებას ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი გუნდი გამოთიშა. გამომდინარე იქიდან, რომ ზაზას აკადემიას ყველა ასაკში რეალურად ძლიერი და ამბციური გუნდები ჰყავს, მეოთხედფინალიდან ამ გუნდის გამოვარდნა ერთგვარი მოულოდნელობაა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა მართველებმა შეძლეს ზაზას აკადემიელთა ბრძოლაში დამარცხება – 65:62.

“მართვეს” ულიდერა გიორგი სიმონიშვილმა, რომელმაც ამ მატჩში მოგროვებული 27 ქულიდან 6 ბოლო პერიოდის მეორე ნახევარში – 2 შორი სროლით მიითვალა, რის შემდეგაც მის გუნდს ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევა. ზაზას აკადემია არ დანებდა და გიორგი მოსიაშვილის სამქულიანებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ბოლო წუთზე “მართვეს” წევრებმა უფრო მობილიზებით ითამაშეს და როცა “ზაზას” ცენტრმა, გიორგი მესხმა ორივე საჯარიმო ააცილა, ტომარაძის გუნდმა გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა.

“მართვე” ნახევარფინალში “ჰიუნდაის” შეხვდება, რომელმაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 66:65 დაამარცხა “ვინგსი”. მატჩის ბოლო პერიოდის წინ ჰიუნდაელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა ბაჩი ალიბეგაშვილის (24 ქულა, 13 მოხსნა) ლიდერობით ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა ვინგსელებმა გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრის ბოლო წამებზე გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა თავისი ბოლომდე გაიტანა – 1 ქულით მოიგო და ნახევარფინალში “მართვეს” შეუწყვილდა.

მეორე ნახევარფინალური წყვილის წევრებმა – “დინამომ” და “აკადემია 1”-მა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. მამუკა ტურაშილის გაწვრთნილმა დინამოელებმა 114:59 დაამარცხეს “აკადემია 2”, ხოლო “აკადემია 1”-მა “მეგას” შანსი არ დაუტოვა – 105:45. “დინამოში” 28 ქულით ნიკა კიშკო გამოირჩა, ხოლო ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე არასრულ 20 წუთში 24 ქულა დაგროვდა. “აკადემიაში” 20 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კობახიძე, ხოლო ლუკა ხუციშვილისა და თედო ბასილაშვილის ანგარიშზე 13-13 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალები 9 ნოემბერს. ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება – 11:00 საათზე “აკადემია” “დინამოს” შეხვდება, ხოლო 12:45-ზე “მართვე” “ჰიუნდაის” დაუპირისპირდება.