სუპერლიგის მეშვიდე ტური დღეს რეგიონებში გაგრძელდა. გამართული ორი შეხვედრიდან პირველს ბათუმმა უმასპინძლა, სადაც მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე ერთადერთი მარცხის მქონე „ბათუმმა“ „თელავი“ მიიღო და მოულოდნელად დიდი სხვაობით, 85:108 დამარცხდა. სატურნირო მდგომარეობისა და გუნდების შემადგენლობებიდან გამომდინარე, წყვილი თანაბარი ჩანდა და საინტერესო ბრძოლაც ივარაუდებოდა, თუმცა მატჩმა განსხვავებული სურათი აჩვენა — თელაველებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ლიდერობა და მეტოქე ახლოს აღარ მიუშვეს. შეხვედრა ისე დაიწყო და დასრულდა, რომ გია კაზანჯიანის გაწვრთნილ „თელავს“ საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არცერთ მომენტში არ დაუყენებია.

სტუმრებმა პირველივე მეოთხედში შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვეს და პერიოდი 29:17 მოიგეს. მეორე მეოთხედში ბათუმელებმა თამაშის გამოსწორება სცადეს, თუმცა „თელავმა“ კვლავ იძალა (28:25) და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი ფორით გავიდა — 57:42. შეხვედრის სცენარი არც დიდი შესვენების შემდეგ შეცვლილა: გია კაზანჯიანის შეგირდებმა მესამე პერიოდიც თავის სასარგებლოდ დაასრულეს (22:19), ხოლო დასკვნით მეოთხედში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს სრული დომინაცია (29:24) და საბოლოოდ 23-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
გამარჯვებულ „თელავს“ გრეგორი მილტონმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 6 პასი მიითვალა, ტროი სიმონსმა ორმაგი დუბლი შეასრულა 20 ქულითა და 10 მოხსნით (2 პასი), ხოლო კაილერ ვანდერ ჯაგტმა ასევე 20 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა (1 პასი). მასპინძელი „ბათუმის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ოჩხიკიძე იყო 22 ქულით, 9 პასითა და 3 მოხსნით, დავით ლომიძემ 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლარი ჰაუელმა გუნდს 13 ქულა და 4 მოხსნა შესძინა.
ამ გამარჯვების შემდეგ „თელავმა“ 7 მატჩიდან 4 მოგება და 3 მარცხი დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. რაც შეეხება „ბათუმს“, ზღვისპირელებს 5 ჩატარებულ შეხვედრაში 3 მოგება და 2 წაგება აქვთ და მე-6 პოზიციას იკავებენ. დღეს სუპერლიგის მე-7 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ტყიბულში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ორბი“ სუპერლიგის დებიუტანტ „ახალციხეს“ უმასპინძლებს.