თორნიკე შენგელია ნბა-ს დრაფტზე გასვლის მსურველ 89 კალათბურთელს შორის

თორნიკე შენგელია ნბა-ს დრაფტზე გასვლის მსურველ 89 კალათბურთელს შორის

ამერიკულ ვებ–გვერდებზე გამოქვეყნდა იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც ნბა–ს წლევანდელ დრაფტზე განაცხადი შეიტანეს. სია გაფართოვებულია და მასში 89 კალათბურთელია, რომელთა შორისაც ერთი ქართველია: საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „პეპინსტერის“ 19 წლის ფორვარდი თორნიკე შენგელია.
 
ცხადია, 89 კალათბურთელი დრაფტის დღეს (23 ივნისს) სიაში არ იქნება. ახალგაზრდებს 13 ივნისის დღის 4 საათამდე უფლება აქვთ, საკუთარი გვარი სიიდან ამოიღონ. სწორედ ასე მოიქცა 2 წლის წინ გიორგი შერმადინი, რომელმაც დრაფტზე მონაწილეობის მსურველთა სიიდან საკუთარი გვარი „დედლაინის“ ბოლო დღეს ამოშალა.
 
დრაფტზე დადგომა 22 წლამდეა შესაძლებელი. პერსპექტიული მოთამაშეები ნბა–ს გუნდების გამოცხადებულ სპეციალურ ვარჯიშებზე დადიან, მათ მწვრთნელებს თავს აწონებენ და თუკი ვინმესგან გარანტიას მიიღებენ, დრაფტზე იმ შემთხვევაში დგებიან. თუკი მოთამაშე გამორჩეულად ნიჭიერია, მას არსად სიარული არ სჭირდება. ასეთს ისედაც გარანტირებული აქვს დრაფტზე წარმატება.
 
შენგელია კი 20 წლის 5 ოქტომბერს ხდება და წინ მთელი 2 წელი აქვს, რათა დრაფტზე დადგეს. ამიტომაც, არაა გამორიცხული, რომ მისმა აგენტმა ქართველის განაცხადი უკანვე გამოიტანოს, თუმცა, სანამ ეს არ მომხდარა, შენგელია დრაფტის ისეთივე კანდიდატად ითვლება, როგორც ხსენებულ სიაში მყოფი 88 კალათბურთელი.