თორნიკე შენგელიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბელგიური “პეპინსტერის” ქართველმა ფორვარდმა მორიგ ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი სტუმრად “გენტი” 74:64 დაამარცხა და ცხრილში დაწინაურდა.
შენგელიამ მოედანზე 38 წუთი გაატარა, რაც მის ბელგიურ კარიერაში რეკორდული შედეგია. თორნიკემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მან 19 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მოაგროვა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით მოედანზე მყოფთა შორის ყველას აჯობა.
შენგელიამ თამაშიდან არცთუ ზუსტად ესროლა: 10 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, თუმცა ის ძალიან აქტიური იყო ფარქვეშ და მეტოქეები 9-ჯერ აიძულა, მასზე დაჯარიმებულიყვნენ. თორნიკემ 15 საჯარიმო სროლიდან 13 გამოიყენა. გარდა ორმაგი დუბლისა, ქართველ ფორვარდს 2 ჩაჭრაც ჰქონდა.
ამ გამარჯვების შემდეგ “პეპინსტერმა” მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და საპლეიოფო ზონაში შესასვლელად ერთი საფეხური უკლია.