თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონიასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონიასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თორნიკე შენგელია კარიერას ისევ “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს, სადაც მან წინა სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და იტალიურ კლუბს ევროთასის მოგებასა და ევროლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. შენგელიამ ვირტუსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლის 30 სექტემბრამდეა და შეიცავს პუნქტს, რითაც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი კიდევ ერთი წლით გახანგრძლუვდეს.

გასულ სეზონში შენგელია ვირტუსის შემადგენლობაში სერია A-ში საშუალოდ 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 პასს აკეთებდა. გასული ზაფხულის უმეტესი ნაწილი მან საქართველოს ნაკრებში გაატარა, თუმცა მთავარ ამბავს ტრავმის გამო გამოაკლდა. თორნიკემ 24 აგვისტოს, ევრობასკეტამდე 1 კვირით ადრე ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და მართალია, ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ თბილისში გამართულ ევრობასკეტის მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

შენგელია ახლა ბოლონიაში იმყოფება და ტრავმას იშუშებს. ბოლონია სეზონს იტალიის სუპერთასზე, ჩემპიონ ოლიმპია მილანოსთან შეხვედრით გახსნის, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება, 2 ოქტომბერს სერია A-ს სასტარტო ტურში ბასკეტ ნაპოლის ეთამაშება, 7 ოქტომბერს კი უკვე ევროლიგაში მონაკოს უმასპინძლებს. შენგელია მოედანს სავარაუდოდ ნოემბერში დაუბრუნდება.