სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო მატჩი გამართეს რუსთავისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა. მათ თამაშს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა – ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში რუსთაველები რეგულარულს მე-2 ადგილზე ასრულებდნენ, უნივერსიტეტელები – მეოთხეზე. სწორედ ამიტომ, ორივე მათგანმა გუნდის ლიდერები დაასვენა: რუსთაველებმა განაცხადში არ შეიყვანეს ლეგიონერები – ტრეი კროფტი და ეივერი დიგსი, ხოლო თსუ-მ გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი დაასვენა.
თსუ-ს 11 აპრილს საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალი ელის, სადაც სუპერლიგის ლიდერ “ოლიმპს” ხვდება და მოთამაშე-ქომაგიანად, უნივერსიტეტელები ამ დაპირისპირებისთვის ემზადებიან. ნამატჩევს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლექსო ლაფანაშვილმა როგორც აღნიშნა, ახლა მისი გუნდის ორიენტირი თასის ნახევარფინალია და ლიდერებს სუპერლიგის უმოტივაციო მატჩში დასვენების საშუალება მისცა.
რაც შეეხება მატჩს, გამარჯვება თსუ-ს დარჩა. ახალგაზრდებმა კარგად ითამაშეს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და გუნდის ამერიკელ ლიდერ ჯიმონ ჰენსონს დიდად დაეხმარნენ.თსუ თავიდან 16 ქულას აგებდა, მაგრამ მატჩში, რომელშიც შედეგს მნიშვნელობა არა აქვს, ყველაფერია მოსალოდნელი. თსუ-მ ჩამორჩენა 5 წუთში გაათანაბრა, დაწინაურდა და მეორე ნახევარში 21 ქულით გალიდერდა.
დაცვა ორივე მხარეს მორყეული იყო. გუნდები უკანმოუხედავად უტევდნენ და ვისაც უკეთესი შემსრულებელი აღმოაჩნდა, გამარჯვებაც მას დარჩა. თსუ-მ 115:95 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. კორი ბოუენი თსუ-ში საუკეთესო იყო 28 ქულით და 9 მოხსნით. 19 ქულა ჯიმონ ჰენსონმა მოაგროვა, 14 – ივანე მეგენეიშვილმა. სარგებლიანი იყო მატე კაპანაძე – 6 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა. რუსთაველთაგან შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს, რომელმაც 32 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.