სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა თსუ-მ პირველი წრე რთულად მოპოვებული გამარჯვებით დაასრულა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდის მეტოქე გახლდათ “ტიტები”, რომელიც 4 მოგებითა და 5 მარცხით ცხრილის შუაში გახლდათ და მოგება ძალიან ესაჭიროებოდა. ამის ამბიცია კი ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს ნამდვილად ჰქონდა. ტიტები გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში ლიდერი “ქუთაისი” დაამარცხა, ხოლო სეზონის დასაწყისში მოგებულ დუდუ დადიანის მემორიალზე თსუ-იც (ნახევარფინალში) დაამარცხა და “ქუთაისიც” (ფინალში).
დღევანდელ შეხვედრაშიც ძალიან ახლოს იყო ტიტები გამარჯვებასთან. თითქმის უიმედო მატჩი ლეჟავას გუნდმა ისე შემოატრიალა, რომ მოგება თითქმის მოპოვებული ჰქონდა. საამისოდ 1 საჯარიმოს ჩაგდება იყო საჭირო, რომელიც ჯორდან რობერტსონმა ააცილა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
უფრო დეტალურად კი ასე იყო: მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თსუ 66:61 იგებდა, ბურთსაც ფლობდა და მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. ტიტებმა დაცვაში ბურთი აიღეს და ბოლო წუთი იყო დარჩენილი, აკაკი ლომოურმა საჯარიმოებით ჩამორჩენა სამამდე რომ შეამცირა. პრესინგმა ტიტებს თსუ-ს შეტევა ჩააშლევინა და ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე რობერტსონმა სამქულიანი მეურვის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო. ანგარიში გათანაბრდა – 66:66 და რობერტსონს საჯარიმო რომ ჩაეგდო, ტიტები გამარჯვებას ფაქტობრივად ინაღდებდა. წუთშესვენება არ ჰქონდა და თსუ-ს ბურთი საკუთარი ფარის ქვევიდან უნდა გამოეტანა და 2 წამში ბურთის ჩაგდება დიდი მოულოდნელობა ტოლფასი იქნებოდა.
რობერტსონმა გამარჯვების საჯარიმო ააცილა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მეორე წუთზე ახალგაზრდა გუჯა ხვედელიძემ, რომელსაც მანამდეც ჰქონდა 4 ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი ჩაგდებული, სამქულიანი მიითვალა. ამას ლოველ ქაბილის ორიანი მოჰყვა და 5 ქულით წინ გაჭრილმა თსუ-მ მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. მართალია, აკაკი ლომოურისა და რობერტსონის ქულებით ტიტებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ბეწვის ხიდზე გავლილ სუპერლიგის ლიდერს სისწრაფე უკვე აკრეფილი ჰქონდა და გამარჯვებამდეც რიხით მივიდა – 79:75 (სტატისტიკა).
თსუ-ში საუკეთესო შედეგი ლოველ ქაბილმა დააფიქსირა: 24 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა. 13 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა პაპ დიოპმა, 13 ქულა ჰქონდა რაილ ოუენსს, ხოლო ახალგაზრდა მოთამაშეებმა – გუჯა ხვედელიძემ და ლევან ქვარცხავამ შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. ტიტებში საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი, რომელმაც 22 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა ჰქონდა ჯორდან რობერტსონს, ხოლო აკაკი ლომოურის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.