თსუ-მა ფიბა ევროპის თასის მატჩი იტალიაში ვარეზესთან წააგო

თსუ-მა ფიბა ევროპის თასის მატჩი იტალიაში ვარეზესთან წააგო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფიბა ევროპის თასის მე-3 ტურის მატჩი იტალიაში, სერია A-ს წარმომადგენელ ვარეზესთან დათმო. სუპერლიგის ჩემპიონმა პირველ პერიოდში 8 სამქულიანი მიიღო, მეორეში – 4 და დიდი შესვენებისთვის 38 ქულით ჩამორჩა. მართალია, მე-3 ათწუთეული თსუ-მ 31:17 მოიგო, მაგრამ დეფიციტი იმდენად სოლიდური იყო, საბოლოოდ თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლო. 

საბოლოო ანგარიშია 83:109 (სტატისტიკა). იტალიის ერთ-ერთმა ტიტულიანმა გუნდმა (მილანისა და ვირტუსის შემდეგ), რომელსაც შემადგენლობაში ნბა-ს 3 ყოფილი მოთამაშე ჰყავს, ფიბა ევროპის თასის წინა ტურში შინ გერმანულ გიოტინგენთან მარცხისთვის რევანში თსუ-ზე აიღო. ვარეზელებმა დიდებული პირველი პერიოდი ჩაატარეს, რომლის განმავლობაშიც პერიმეტრიდან შეუჩერებელნი იყვნენ. აღნიშნულ პერიოდში, როგორც ვთქვით, ვარეზეს კალათბურთელებმა 8 სამიანი ჩააგდეს.

ის რომ მასპინძლებმა პერიმეტრზე გაილაღეს, პირველ რიგში თსუ-ს დაცვითი ხაზის ინერტულობის ბრალი იყო. მესამე პერიოდამდე ქართული გუნდი იმ დაცვას არ (ან ვერ) თამაშობდა, რაც მაღალი დონის გუნდის შესაჩერებლადაა საჭირო. დიდ შესვენებაზე, გასახდელში, თსუ-ს წევრებმა სწორი დასკვნები გააკეთეს, მთავარი მწვრთნელისგან შენიშვნები და სწორი დავალებები მიიღეს, მოედანზე მეტი მონდომებით, მობილიზებით გამოვიდნენ და შედეგიც გამოჩნდა. მე-3 პერიოდი თსუ-მ 10:0 გაქცევით დაიწყო, ხოლო მე-5 წუთისთვის 23:6 იგებდა.

ამასობაში მოედნიდან გააძევეს ვარეზეს მთავარი ლიდერი, ტურნირის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ვილი კოლი-შტეინი. მან მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო. პირველი კი პირველსავე პერიოდში, გიორგი ტურძილაძესთან კონფლიქტისთვის დაიმსახურა. მისი არყოფნით თსუ-ს მაღლებს ფარისკენ გზა გაეხსნათ. ნიკოლა ვუიოვიჩმა, რომელიც პირველად მოედანზე მე-2 პერიოდში გამოჩნდა და მოედანზე ჯამში 15 წუთი გაატარა, სამწამიანი ზონიდან 17 ქულა მიითვალა. 

ვარეზემ ბოლო შესვენება კარგად გამოიყენა. გუნდი მთლიანად უკანახაზელთა შესაძლებლობებს დაეყრდნო, რომლებიც პერიოდულად სამქულიანებს აგდებდნენ, სწრაფ გარღვევებს ახორციელებდნენ და თსუ-ს ახლოს აღარ უშვებდნენ. ყველაზე ახლოს თბილისური გუნდი მასპინძლებთან ბოლო პერიოდში მივიდა, როცა ჩამორჩენა 18 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ვარეზეს მწვრთნელმა, ტომას ბიალაჟევსკიმ წუთშესვენება აიღო და თსუ-ელთა მიძალება მოიგერია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გაბე ბრაუნმა დააფიქსირა. მასპინძელთა ამერიკელმა ლეგიონერმა 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 20 ქულით ბომბარდირი ვინსენტ შაჰიდი გახდა, რომელმაც ვარეზელთა 19 სამქულიანიდან 4 პირდ ანგარიშზე ჩაიწერა. თსუ-ს შემადგენლობაში 19 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახდა. საერთო შედეგიანობით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა, რომელმაც 7 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ნიკოლა ვუიოვიჩმა ნახსენებ 17 ქულასთან ერთად 4 მოხსნაც მიითვალა, გიორგი ცინცაძისა და გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 14-14 ქულა დაგროვდა. 

მე-3 ტურის ჯგუფის მეორე მატჩში გიოტინგენმა კვიპროსის კერავნოსს უმასპინძლა და 90:71 დაამარცხა. მომდევნო ტურში თსუ თბილისში გერმანულ გიოტინგენს 8 ნოემბერს უმასპინძლებს, კერვავნოსი კი იტალიაში ვარეზესთან ჩავა სათამაშოდ.