თსუ-ს 8-დან 8 გამარჯვება სუპერლიგაში | გურჯაანმა ამრას თბილისში მოუგო

თსუ-ს 8-დან 8 გამარჯვება სუპერლიგაში | გურჯაანმა ამრას თბილისში მოუგო

სუპერლიგის მე-8 ტურის მორიგი მატჩები გორსა და თბილისში გაიმართა. დედაქალაქში გაგრის ამრამ გურჯაანის დელტას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას 18 ქულით უგებდა, საბოლოოდ მაინც უშანსოდ დამარცხდა – 73:86 (სტატისტიკა).

ამრამ მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ თამაში გამოაკეთა. სლოვენიელმა დეიან პროკიჩმა სადებიუტო მატჩში ამრას გორის ივერიონი დაამარცხებინა, ხოლო შემდეგ სუპერლიგის ლიდერ თსუ-ს ბოლომდე ებრძოლა (77:79 წააგო). დღევანდელ მატჩში ამრა მეორე პერიოდში 44:26 უგებდა დელტას, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 16 ქულით დამარცხდა.

გურჯაანელებმა გუნდურად ითამაშეს და მესამე პერიოდში მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს. მეორე ნახევარი გურჯაანულმა გუნდმა 47:24 მოიგო და გამარჯვება გაინაღდა, დელტაში 5-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 18 ქულა სკილერ პოტერის ანგარიშზეა. 15 ქულა და 12 მოხსნა ჯორდან სვოპშირმა, ხოლო 13 ქულა საბა ლობჯანიძემ მიითვალა.

გორში გამართული შეხვედრა საინტერესოდ კი დაიწყო, მაგრამ ტრავმირებული მოთამაშეების გამო შესუსტებულმა ივერიონმა ბოლო პერიოდში თსუ-ს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. თსუ-ს 7-დან 7 გამარჯვება უმაგრებდა ზურგს და გორში მერვეც მიითვალა – 87:73 (სტატისტიკა)

გორელთა უკანახაზელმა, ნიკა ჩეჩელაშვილმა 8 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 40 ქულა მოაგროვა, თუმცა მხოლოდ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. ივერიონს ფარქვეშ უჭირდა, სადაც თსუ-ს ცენტრი, კარსონ ბაშამი გაბატონებულიყო, პერიმეტრიდან კი ოთო ფხაკაძე და უნივერსალი დევონტრე ტომასი გამოირჩეოდნენ. ივერიონში ჩეჩელაშვილის გარდა 10-ქულიან ბარიერს საბა კალმახელიძემ მიაღწია (13 ქულა), თსუ კი უფრო გუნდურად გაისარჯა და გამარჯვებაც დაიმსახურა.

თსუ-ში 16-16 ქულა-მოხსნით კარსონ ბაშამი გამოირჩა, რომელმაც 4 პასიც მიითვალა. 16 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს. 21 ქულა და 11 პასი ოთარ ფხაკაძემ მიითვალა, დევონტრე ტომასის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-8 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, ზესტაფონსა და ბათუმში გაიმართება.