წარმატებული დღე სანიკიძესა და ქართველი ლეგიონერებისთვის

წარმატებული დღე სანიკიძესა და ქართველი ლეგიონერებისთვის

 საკმაოდ წარმატებულიუ კვირა ჰქონდათ საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველ ლეგიონერებსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს. ზედიზედ მეორე ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა იტალიის სერია A-ში მოთამაშე ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც ამჯერადაც ორმაგი დუბლი მიითავალა.
 
    იტალიის სერია A
ბოლოსწინა ტურში სანიკიძემ “ბრინდისთან” 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი, მერაბ ბოქოლიშვილის “ეარ აველინოსთან” შეხვედრაში 26 წუთში 17 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, რასაც თითო ჩაჭრა-პასიც წაამატა, გულში ხინჯად კი ის დარჩებოდა, რომ მისმა გუნდმა თამაში ოვერტაიმში 101:105 წააგო.
 

ვიქტორ სანიკიძე ორმაგი დუბლების კეთებას შეეჩვია
 
18 წლის ბოქოლიშვილი მასპინძელთა განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. “კანადიან სოლარი” 18 ქულით მეექვსე ადგილზეა, “ეარ აველინოს” კი ერთით მეტი მოგება მოუგროვდა და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
 
საპატიო მეორე ადგილი უკავია („სიენას“ შემდეგ) მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“, რომელმაც შინაურ კედლებში ევროლიგის მონაწილე რომის “ლოტომატიკა” 79:74 დაამარცხა. მარკოიშვილმა 17 წუთში 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა და 7 ქულას 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა.
 
 
 ესპანეთის პრიმერადივიზიონი 
საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი აღმავლობის გზაზეა. მან ესპანური “ლაგუნ აროს” მაისურით რამდენიმე მატჩის გამოტოვა, თუმცა, უსიამოვნო პერიოდი უკან მოიტოვა და მე-2 თამაშია, კარგად გამოიყურება.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, ბასკებმა “მენორკას” 77:72 სძლიეს, ცქიტიშვილმა კი წინა ტურში ”კახასოლთან” მატჩის დარად, 12 ქულა ჩააგდო. ნიკოლოზმა მოედანზე 15:41 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნაც წაამატა.
 
ესპანეთის ჩემპიონატში ქართულას ნატურალიზებული ამერიკელების დერბი შედგა. ქუინტინ ჰოსლის “ხუვენტუტი” ტაირონ ელისის “ესტუდიანტესთან” 86:95 დამარცხდა. ჰოსლიმ 32:49 წუთს ითამაშა და 18 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქუინტონმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გახლდათ.
 
უკეთესად ითამაშა და თავის გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ტაირონ ელისმა, რომელმაც 22:30 წუთში 25 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ტაირონმა 5-დან 2 ორქულიანი და 11-დან 7 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა და “ესტუდიანტესს” მე-9 მოგება მოუტანა, რითაც ამ გუნდმა მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ჰოსლის “ხუვენტუტი” 11 გამარჯვებით მერვე ადგილზეა.
 
შედარებით წარუმატებელი დღე ჰქონდა ეროვნული გუნდის კიდევ ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ ტორინ გრინს, რომელმაც “კახა ლაბორალთან” მოგებულ (70:68) შეხვედრაში ხუთივე სამქულიანი ააცილა და 21:37 წუთში ერთადერთ შედეგიან გადაცემას გამორჩა.“გრან კანარია” 10-10 მოგებ-წაგებით მე-10 ადგილზეა.
 
    ადრიატიკის ლიგა
ლიუბლიანას „ოლიმპიაში“ გიორგი შერმადინის წარმატებული თამაში გრძელდება. უკვე მეოთხე შეხვედრაა, შერმადინი 10–ქულიან ზღვარს ძლევს. ასე იყო ამჯერადაც, ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში, რომელშიც ლიუბლიანელები სტუმრად მაკედონიურ „შიროკის“ ესტუმრნენ და დრამატულ შეხვედრაში 85:86 წააგეს. გიორგი ლიუბლიანელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, მისთვის გამოყოფილი 21 წუთში საკმაოდ შედეგიანი იყო.
 
გიორგიმ 8–ჯერ შეუტია საშუალო მანძილიდან და 7 მიზანში გაარტყა. 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაც წაამატა. შერმადინს სავარაუდოდ უკეთესი მონაგარი ექნებოდა, მაგრამ 5 პერსონალური მიიღო და თამაშის დატოვე მოუწია.
 
“ოლიმპიას” კიდევ ერთი ჩვენებური კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. ამ წაგებით „ოლიმპიამ“ ადრიატიკის ლიგაში „კრკასთან“ ზიარი ლიდერობა დაკარგა და პირველი ადგილი ამ სლოვენიურ გუნდს დაუთმო.
 
    ბალტიის ლიგა
გიორგი ცინცაძის “როკმა” კინაღამ წაიფორხილა. ბალტიის საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ლიეპაიას ლაუვასთან” შეხვედრაში ტარტუელებს მოულოდნელად დიდი ბრძოლა გადახდათ და საბოლოოდ მხოლოდ 4 ქულის სხვაობით – 73:69 იმარჯვეს.
 
ცინცაძე ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში იყი, მოედანზე გატარებულ 19:54 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 2 ორქულიანი და ამდენივე სამქულიანი ააცილა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ესტონურმა კლუბმა 12 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და 29 ქულით, ლიტვურ “რუდუპისთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოს, თუმცა, მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ტარტუელები შემდეგ შეხვედრას 12 თებერვალს ჩაატარებენ, როდესაც ლატვიაში “ვენტსპილსს” ესტუმრებიან.
 
     გერმანიის ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში მე-16 მარცხი იწვნია ლაშა გამყრელიძის „გიოსენმა“.  ქართველ გამთამაშებელს უცნობი მიზეზის გამო არ უთამაშია. მისმა კლუბმა კი “ევე ბასკეტსთან” 69:70 წააგო. “გიოსენის” საპლეიოფო ოცნება კარგა ხნის დასრულებულია და ახლა ეს გუნდი საიმისოდ იბრძვის, რომ ბუნდესლიგიდან არ გავარდეს. გიოსენელებს 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილი უკავიათ.