გიორგი ცინცაძის გუნდი, რომელიც სეზონის დასაწყისში სამ ტურნირში მონაწილეობდა, დღეიდან მხოლოდ ესტონეთის ჩემპიონატის ამარა დარჩა. ტარტუელები ზამთარში ევროჩელენჯიდან გამოვარდნენ, ხოლო დღეს ბალტიის ლიგის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრაც წააგეს და აღნიშნულ ტურნირს დაემშვიდობნენ.
პირველი შეხვედრა 6 დღის წინ „როკმა“ ლატვიაში „ვენტსპილსთან“ წააგო, დღეს კი შანსი ჰქონდა, სერიაში ანგარიში გაეთანაბრებინა, თუმცა არ გამოუვიდა. ტარტუელებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე იგებდნენ კიდეც, მაგრამ ვენტსპილსელმა რაშად ანდერსონმა ზუსტად ესროლა საშუალო დისტანციიდან და თავისიანებს 62:61 გაამარჯვებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა 19 წუთი ითამაშა და 6 ქულას, 1 მოხსნას, 2 პასს და ამდენივე ჩაჭრას დასჯერდა. თუმცა ცინცაძე ტარტუელთ გმირად იქცეოდა, „როკს“ ეს თამაში რომ მოეგო. საქმე იმაშია, რომ საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გიორგი ცინცაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. „როკი“ ქულას აგებდა, ქართველი ლეგიონერი დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დადგა, თუმცა გიორგიმ კარგად გაართვა ამას თავი და ორივე სროლა ჩააგდო. სამწუხაროდ, დარჩენილ წამებში ვენტსპილსელებმა მოახერხეს გამარჯვების ბურთის ჩაგდება.
„როკი“ ახლა მთლიანად ესტონეთის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც 29–დან 26 გამარჯვება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.