ბალტიის ლიგა
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში გიორგი ცინცაძეს არ უთამაშია. ტარტუს „როკმა“ კი ბოლო ორი მატჩი 4 და 5 მარტს წააგო და რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორივე შეხვედრა რომც მოეგო, მესამე ადგილს მაინც ვერ ასცდებოდა, რადგან მეორეზე გასულმა ლატვიურმა „ვენტსპილსმა“ ტარტუელებმა მთელი 3 ქულით გაუსწრო.
ტარტუელებმა 4 მარტს ლიტვაში, „შაულიაისთან“ 84:99 წააგეს. ცინცაძემ 14,37 წუთს ითამაშა და 5 ქულასა და 2 პასს დასჯერდა. მეორე დღეს კი „როკმა“ ლიტვაშივე „ნევეჟისთან“ ითამაშა და 55:81 განადგურდა. მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, ტარტუელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისინი მაინც მესამე ადგილზე ასრულებდნენ რეგულარულ ჩემპიონატს. ამიტომაც იყო, რომ მწვრთნელმა არც გიორგი ცინცაძე დატვირთა და რომ იტყვიან, მოგენისთვის არაფერი გააკეთა.
ბალტიის ლიგაზე ახლა თამაში ფლეი ოფში გაგრძელდება, რომლის პირველი ეტაპიდან რეგულარულ ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილებზე გასული რიგის ვეფ-ი და “ვენტსპილსი” გათავისუფლებულები არიან. მომდევნო 4 გუნდი კი, ერთმანეთში ნახევარფინალის ორ საგზურს გაითამაშებს. “როკის” გარდა საგზურისთვის “რუდუპისი”, “შიაულიაი” და “ნევეჟისი” იბრძოლებენ.
გერმანიის ბუნდესლიგა
ლაშა გამყრელიძე კვლავ არ ჩანს „გიოსენის“ განაცხადში. რაც გუნდში ახალი, ამერიკელი მწვრთნელი მივიდა, ქართველი გამთამაშებელი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. თავად გუნდის დაღმასვლა კი გრძელდება. გიოსენელებმა მორიგი ტურის მატჩი შინ ერთ–ერთ ლიდერ „სკაილაინერსთან“ 62:81 წააგეს. გამყრელიძის გუნდს 26 მატჩიდან 19 წაგება აქვს და 18–გუნდიან ბუნდესლიგაში მე–16 ადგილზეა.