საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი გუნდის ვინაობა გაირკვა. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემია და ვინგსი შეხვდნენ. მატჩის პირველი ნახევარი ვინგსის სოლიდური უპირატესობით წარიმართა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 18 ქულით გებდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.
მეორე ნახევარში ზფა-მ თამაში გამოასწორა და ჩამორჩენის შემცირებაც შეძლო, მაგრამ მაქსიმუმი, რაც აკადემიელებმა მოახერხეს, მეტქესთან მხოლოდ მიახლოება იყო. საბოლოოდ ვინგსმა 90:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. გამარჯვებულებს 26 ქულით ანდრია მდინარაძემ ულიდერა. 14-14 ქულა საბა აბესაძემ და ნიკოლოზ გურგენიძემ მიითვალეს.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც პრიზიორები ბრინჯაოს მედლებით საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა 18-წლამდელთა საჩემპიონო სერიის პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჰიუნდაი და რუსთავი შეხვდნენ. სტუმრებმა სოლიდური უპირატესობით – 81:66 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ფინალური სერიის საპასუხო მატჩი რუსთავში, 18 მაისს გაიმართება. მასპინძლებს ჩემპიონობას 14-ქულიანი მარცხიც მოუტანს. ჰიუნდაის 15 ქულით გამარჯვების შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნება, ხოლო თუ მეტით მოიგო, ავტოსადილერო კომპანიის გუნდი ჩემპიონი გახდება.