ულებ–ის თასს საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მონაწილე გამოეთხოვა. ქართულად ნატურალიზებული ამერიკელის, ტაირონ ელისის „ესტუდიანტესი“ წუხელ შინაც დამარცხდა ხორვატიულ „ცედევიტასთან“ და ოთხთა ფინალში ვერ გავიდა.
„ესტუდიანტესმა“ 23 მარტს მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა ზაგრებში 81:90 წააგო „ცედევიტასთან“. ელისის გუნდს საპასუხო შეხვედრაში შანსი ჰქონდა, ეს ჩამორჩენა გაებათილებინა და ოთხღა ფინალში გასულიყო. საამისოდ ესპანურ კლუბს 9 ქულაზე მეტით უნდა მოეგო, თუმცა სწორედ ამ სხვაობით თავადვე დამარცხდა – 72:81.
ელისი ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი 23 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 11 ქულა, 1 მოხსნა და ამდენივე პასი დააგროვა. ტაირონმა 7–დან 3 სამქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო მიითვალა. მადრიდელთა შორის საუკეთესოები კი გერმან გაბრიელი და ერნან იანსენი გახდნენ 12–12 ქულით.
ელისი ოთხთა ფინალში ვერ გავიდა
ოთხთა ფინალში გავიდა ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“, რომელსაც პირველი მატჩი დიდი სხვაობით ჰქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრა კიევში „ბუდეველნიკთან“ მხოლოდ 3 ქულით დათმო. 17 წლის ქართველი ფორვარდი „კახასოლის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, თუმცა დიდი გუნდის განაცხადში ხვდება ხოლმე. სამწუხაროდ, ბურჯანაძეს „კახასოლის“ ძირითადი გუნდის მაისურით მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. ის კიევში გამართული შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.
ოთხთა ფინალი 16–17 აპრილს იტალიაურ ტრევიზოში გაიმართება. ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: ყაზანის „უნიკსი“ – „ცედევიტა“, „ბენეტონი“ – „კახასოლი“.