ვალერი ჯგერენაიას 70 წელი შეუსრულდებოდა

ვალერი ჯგერენაიას 70 წელი შეუსრულდებოდა

წარმატებულ კალათბურთელს, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმი-91“, შემდეგ კი ს.კ. „თბილისის“ მთავარ მწვრთნელს ვალერი ჯგერენაიას 3 ნოემბერს 70 წელი შეუსრულდებოდა.

სოხუმის მკვიდრმა ვალერი ჯგერენაიამ ძალიან ბევრი გააკეთა ქართული კალათბურთის განვითარებისთვის – ჯერ როგორც სპორტსმენმა, შემდეგ კი როგორც მწვრთნელმა. ის 1970 წწ-1980 წწ დასაწყისში წარმატებით იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას სსრკ-ს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე, აგრეთვე საქართველოს ნაკრების ღირსებას საკავშირო შეჯიბრებებზე.

მოგვიანებით, განათლებით ექიმმა ვალერი ჯგერენაიამ გარკვეული პერიოდი წარმატებით იმუშავა თავისი პროფესიით სამედიცინო სფეროში. მაგრამ კალათბურთის სიყვარულმა გადაწონა და დაუბრუნდა სპორტს – 1991-92 წწ. იყო სოხუმში მოქმედი საკალათბურთო კლუბ „სოხუმი-91“-ის მთავარი მწვრთნელი.

აფხაზეთში 1992-93 წლებში საომარი მოქმედებების მიუხედავად, ვალერი თავისი კოლეგების დახმარებით ახერხებდა ჩასვლას თბილისში, სადაც „სოხუმი-91“ ატარებდა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს. ომის დამთავრების შემდეგ, ვალერი ჯგერენაია იყო ს.კ. „თბილისის“ მთავარი მწვრთნელი, იმ გუნდის, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული იყო იმ დროს საქართველოში. შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საექიმო საქმიანობას.

ვალერი ჯგერენაია 2002 წლის 20 იანვარს ინფარქტით გარდაიცვალა.