ვიქტორ სანიკიძის მორიგი ორმაგი

ვიქტორ სანიკიძის მორიგი ორმაგი

იტალიის სერია A
ვიქტორ სანიკიძის მორიგი ორმაგი დუბლი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მეხუთეჯერ უწია ორმაგ დუბლს, თუმცა ამჯერად მისი გუნდი დამარცხდა. „კანადიან სოლარმა“ შინ „დინამო სასარის“ ძლევა ვერ შესძლო – 81:87.
 
სანიკიძე ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 7 ორქულიანიდან 4 ჩაგდო, ხოლო 2 შორი სროლიდან 1 გამოიყენა და 11 ქულა მოაგროვა. მან ფარზეც იჩაუქა და 11 მოხსნა დაუგროვდა. ბოლონიელთაგან ორმაგი დუბლი არც ერთ მოთმაშეს არ მიუთვლია.
 
სანიკიძის გუნდმა ბოლო მეოთხედი ჩააგდო, რომელიც 11 ქულით წააგო და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც. სანიკიძის გუნდს 24 თამაშიდან 12 მოგება აქვს და ცხრილში მე–7 ადგილზე იმყოფება.
 

ვიქტორ სანიკიძე
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
სამწუხაროდ, ესპანეთში საქართველოს ნაკრების წამომადგენელთა რიცხვი შემცირდა. ნიკოლოზ ცქიტიშვილი „ლაგუნ აროდან“ წამოვიდა და უგუნდოდაა, ხოლო პრიმერადივიზიონში ჩვენი ეროვნული გუნდის მხოლოდ ნატურალიზებული წევრები დარჩნენ.
 
ქუინტონ ჰოსლის გუნდმა შაბათს ითამაშა და წააგო, ხოლო კვირას ტორინ გრინისა და ტაირონ ელისს მოუხდათ საქმეში ჩართვა. გრინის „გრან კანარიამ“ „ვალიადოლიდს“ 85:73 მოუგო. ქართულად ნატურალიზებულმა ამერიკელმა 26 წუთი ითამაშა და თავი 8 პასით გამოიჩინა. აი, ქულების მხრივ გრინმა ამჯერად მოიკოჭლა და მის ანგარიშზე მხოლოდ 1 ზუსტად შესრულებული საჯარიმო გახლდათ. 2 ორქულიანი და 1 სამინი ააცილა.
 
ელისის „ესტუდიანტესი“ სტუმრად „კახა ლაბორალთან“ დამარცხდა – 66:89. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მოედანზე გატარებულ 25 წუთში 11 ქულა და 1 პასი დააგროვა. მან 7–დან 3 სამქულიანი და 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
 
28 ტურის შემდეგ „გრან კანარიან“ 15 გამარჯვება აქვს, ხოლო „ესტუდიანტესს“ 14. ეს გუნდები შესაბამისად მე–9 და მე–11 ადგილებზე არიან განთავსებულნი.