თორნიკე შენგელიამ იტალიის სერია A-ში მორიგი გამორჩეულლი შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მისი საბოლოო მონაგარი მსუყე ციფრებით არ გამოირჩვა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, გამარჯვების მომტანი ქულა მიითვალა.
ვირტუსის მეტოქე ტორტონა იყო – გუნდი, რომელთანაც ბოლონიელები სანაკრებო ფანჯრის წინ იტალიის თასის ფინალში დამარცხდნენ. ვირტუსს ამჯერადაც დიდად გაუჭირდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 91:90 იმარჯვა, მატჩის ბედი კი ბოლო წამებზე შენგელიას მონდომებამ გადაწყვიტა.
საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე, ანგარიში საყაიმო გახდა, როდესაც ბოლონიელებმა წუთშესვენება აიღეს, საბოლოოდ, ბურთი შენგელიას მიუვიდა და სტუმართა ამერიკელი ლეგიონერი დემონტე ჰარპერი მასზე დაჯარიმდა.
ამ დროს თამაშის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა და თორნიკემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქართველი მძიმე ფორვარდი იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც ჯარიმებით დატვირთვა გახდა.
შენგელიამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩის გმირი იტალიელი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 16-დან 9 სამქულიანი ჩააგდო და 25 წუთში 32 ქულა მოაგროვა.
ვირტუს ბოლონიამ 20 ტურში 16 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილს მილანთან ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 12 მარტს სტუმრად ვენეციასთან ელის.