ვლადიმერ ბოისა ევროპის ნაკრებში ითამაშებს!

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “სიენას” ფორვარდი ვლადიმერ ბოისა მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში, რომელშიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი, საბერძნეთის ნაკრები ევროპაში მოთამაშე ევროპელებით დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრა, რომელიც შაბათს, 30 ივნისს ათენში შედგება, მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი ევროფორუმის დაწყებამდე გაიმართება. ევროპის სიმბოლურ ნაკრებს ჟეიკო ობრადოვიჩი და კარლო რეკალკატი ჩაუდგებიან სათავეში. ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ გუნდი ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ვლადიმერ ბოისა (საქართველო), ალექსეი სავრასენკო, ვიტალი ფრიდზონი (რუსეთი), პასკალ როლერი (გერმანია), ანდრეა პეჩილე (იტალია), იბრაჰიმ ქუთლუაი (თურქეთი), ტომას ვან დენ შპიგელი (ბელგია), დრორ ჰაგაგი (ისრაელი), მარკო პოპოვიჩი (ხორვატია), სანი ბეჩიროვიჩი (სლოვენია), ადამ ვოიჩიკი (პოლონეთი), რაიტის გრაფსი (ლატვია) და ნიკოლა ვუიჩიჩი (ხორვატია).მატჩის მსვლეობისას ევროპული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლისისთვის ორგანიზატორები დააჯილდოვებენ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან სერგეი ბელოვი (ყოფილი სსრკ), ნიკოს გალისი (საბერძნეთი), დორონ ჯამჩი (ისრაელი), დრაგან კიჩანოვიჩი (ექს-იუგოსლავია), ვლადიმირ ტკაჩენკო (ყოფილი სსრკ) და ანტონელო რივა (იტალია). საბერძნეთის ნაკრების ვარსკვლავს თეოდოროს პაპალუკასს კი მატჩის დაწყებამდე ევროპის 2006 წლის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო გადაეცემა.