ძმების სამწვრთნელო დუელი უფროსის გამარჯვებით დასრულდა. ლაპარაკია ძმებ დავით და სანდრო ნოზაძეებზე, რომელთაგან პირველი ვსა-ს მთავარი მწვრთნელია, ხოლო მეორე – “რაშის”. დღეს ეს გუნდები სუპერლიგის მე-8 ტურის მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით დავითის გუნდმა იმარჯვა. ვსა-მ 88:86 (სტატისტიკა) დაამარცხა ბოლო დროს მოღონიერებული “რაში” და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარა.
შეხვედრა დიღმის არენაზე, ვსა-ს დარბაზში გაიმართა. რაშმა სუპერლიგა 3 მარცხით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 2 მატჩი მოიგო, წინა ტურში კი ზესტაფონის მარგვეთს 20 ქულით უგებდა და ბოლო წამებზე დამარცხდა. რაში ვსა-საც ბოლომდე ებრძოლა და ცოტაც რომ გამართლებოდა, გაიმარჯვებდა კიდეც.
თამაში რაშის სოლიდური უპირატესობით დაიწყო. სანდრო ნოზაძის გაწვრთნილი გუნდი 18:5 დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა თამაში მალე დაალაგეს და მართალია, ანგარიში ვერ გაათანაბრეს, თუმცა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს და შეხვედრა თანაბარ კალაპოტში ჩადგა. რაში დიდ შესვენებამდე ლიდერის ამპლუაში მივიდა, მესამე პერიოდიდან კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. ანზორ ნადირაძის, შაქუან ჯულსის და ტროი ლიმონსის წინამძღოლობით ვსა-მ ათწუთეული 27:15 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 5 ქულით დაწინაურდა.
თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე ვსა-ს ლიდერობამ 10 ქულა გადააჭარბა და თითქოს ყველაფერიც გაირკვა, მაგრამ რაშის მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე (82:84) შეამცირეს. თამაშის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და ცხადია, გამარჯვების შანსიც იყო, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი – ვსა ორჯერ 4 ქულით დაწინაურდა, რაშის მოთამაშეებმა ორჯერვე ორამდე შეამცირეს და მოგების შანსიც მიიღეს, თუმცა გარეტ ჰიქსის სამქულიანი ფარში არ ჩაეშვა და …
გამარჯვებულთაგან 21-21 ქულით ანზორ ნადირაძე და ტროი სიმონსი გამოირჩნენ. 18 ქულა შაქუან ჯულსმა დააგროვა, 16 ქულა და 6 პასი ჯერმეინ ჰედის ანგარიშზეა. რაშის შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო იყო გარეტ ჰიქსი. 17 ქულა ჯონ კერიმ დააგროვა.